კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები ქობულეთის გარეუბანში - მმართველი პარტიის აგიტაციით

11 ივნისი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირველად ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს უბანი რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიე - იგი სოფლის გამგეობის შენობაში იყო მოთავსებული, უბნის აწ უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარის, დავით ინაიშვილის სახლში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი იყო გახსნილი. გარდა ამისა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ტაკიძე აღნიშნული უბნის ამომრჩეველია. უბანი საარჩევნო ოლქის გარეუბანში იყო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ნაკლებად მიაქცევდნენ ყურადღებას.

არჩევნების დღე რეპლიკებითა და ჩემდამი უხეში დამოკიდებულებით დაიწყო. კომისიის წევრებს ეტყობოდათ, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ვიზიტი არ ესიამოვნათ. 

საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის ყველა წევრი უბანში იმყოფებოდა. ამავე დროს უბნის ეზოში იყვნენ პიროვნებები, მათ შორის სოფელ ლეღვას თემის რწმუნებული ირაკლი ტაკიძე, რომელთა იქ ყოფნის მიზეზი იმ დროისთვის ვერ გავარკვიეთ.

კომისიის წევრებს შორის წილისყრის დროს, უბნის კომისიის წევრმა დავით ინაიშვილმა თავისი ფუნქციის ფურცელი, რომელზეც როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეწერა „III რეგისტრატორი“, შეუცვალა კომისიის წევრ ქეთევან ჯინჭარაძეს, რომელიც წილისყრით უფუნქციო იყო. აღნიშნული „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჩივრა და წილისყრის თავიდან ჩატარება მოითხოვა. პრეტენზიით ასევე დავუკავშირდით საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მანუჩარ გამყრელიძეს, მაგრამ - უშედეგოდ. ფაქტს ესწრებოდა დამკვირვებელი „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიიდან გელოდი ნიჟარაძე. თუმცა, ფაქტი არც მან დაადასტურა.

საარჩევნო უბანი გახსნილი იყო სოფელ ლეღვას თემის გამგეობის შენობის პირველ სართულზე. აღნიშნული შენობის ღობეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ორი პლაკატი იყო გაკრული. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზეპირი სახით, შენიშვნა მივეცი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ სეფერთელაძეს. მან განაცხადა, რომ ღობე შენობას არ ეხებოდა. რეაგირების გარეშე დატოვების გამო, ჩანაწერთა წიგნში ჩვენი შენიშვნა დააფიქსირა. მოგვიანებით, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის მოადგილის ირაკლი ბერიძის უბანზე მოსვლის შემდეგ, პლაკატი ჩამოხიეს.

კომისიის წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი, ელიზბარ რომანაძე უბანზე შემოსულ თითქმის ყველა ამომრჩეველთან საუბარს და კონტაქტს ცდილობდნენ. მათ ქმედებას კი სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე ამართლებდნენ: „დიდი ხანია არ მინახია. რა მოხდა თუ მოვიკითხე?“

სადილობისას კი, როგორც აღმოჩნდა, „მოკითხვები“ ალკოჰოლური სასმელითაც აღნიშნეს. კომისიის მამაკაცი წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში აგრძელებდნენ მუშაობას. მათ შორის ერთ-ერთს, მალხან ჯინჭარაძეს რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, ალკოჰოლის ზეგავლენა განსაკუთრებით ემჩნეოდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კომისიის თავმჯდომარეს წევრის უბნიდან გაძევება  მოსთხოვა, თუმცა თავმჯდომარემ განაცხადა - „ის ფხიზელია, მაგრამ დაღლილია“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაწერა საჩივარი. შედგენილ აქტში კი კომისია განმარტავს: „კომისიის წევრების მიერ მასთან გასაუბრების შემდეგ არ იქნა დადასტურებული მალხაზ ჯინჭარაძის არაფხიზელი მდგომარეობა“. აღნიშნულ აქტს ხელი კომისიის წევრების გარდა მოაწერეს ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმაც: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოჩა ხაბაზი); „ლეიბორისტული პარტიიდან“ (თემურ წილოსანი), რომელმაც იქვე მინაწერიც დაურთო: „ჩემთან ჭამა საჭმელი. იქ არ დაულევია“.

არჩევნების პარალელურად, უბნის მიმდებარედ ლეღვას თემის შვებულებაში მყოფი  რწმუნებული ირაკლი ტაკიძე და რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებელი ანზორ კაკალაძე, სხვა თანხმლებ პირებთან ერთად, სახლისუფლო პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი ტაკიძესთან გასაუბრებას შევეცადე, თუმცა, მისმა თანხმლებმა პირებმა უხეშად მომმართეს: „შენ ვინ გეკითხება, ირაკლი ტაკიძე რატომ არის აქ?! რა შენი საქმეა, ჩვენ სად ვიქნებით და ვის დაველაპარაკებით?!“  
 
საარჩევნო უბანზე, უბნის დახურვამდე მოვიდა ქობულეთის ოლქის წარმომადგენელი ლაშა ანანიძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით შეივსო შემაჯამებელი ოქმებიც.

როგორც ყველა უბნის შედეგი, აქაც ხელისუფლების პარტიამ გაიმარჯვა. 675 ამომრჩევლიდან მათ 456 (პროპორციული) და 458 (მაჟორიტარული) ხმა აიღეს. მეორე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ეროვნულმა საბჭომ“ კი მხოლოდ 112 ხმა მოიპოვა.

კომისიის არაფხიზელ წევრებსა და უბნის მიმდებარედ სოფლის თემის რწმუნებულის აგიტაციის ფონზე ჩატარებული არჩევნების ხმების დათვლას საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ლაშა ანანიძეც დაესწრო. ოლქის წარმომადგენელი რომ არა, ალბათ ვერც შემაჯამებელი ოქმი შეივსებოდა, რადგან კომისიის მდივანმა მამუკა წულუკიძემ არ იცოდა, რომელ გრაფაში რა უნდა ჩაწერილიყო.

ახალი ამბები