კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არავის აქვს უფლება, როგორც მონებს, ისე მოგვექცეს“, - აცხადებენ მუშები, რომლებიც გაფიცვის გამო დააპატიმრეს

14 ივნისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საპროტესტო აქცია, რომელიც ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს მუშებმა გასულ კვირას გამართეს, 7 ადამიანის დაკავებით დასრულდა. გაფიცულებმა საწარმოში შექმნილი არასაყოფაცხოვრებო პირობები და სახელფასო დავალიანებები გააპროტესტეს და საამქროებში შესვლაზე უარი თქვეს. 

„ეს რა ქვეყანაა, სად ხდება ასეთი საშინელებები?! იმის გამო, რომ შენს კუთვნილ ხელფასს ითხოვ, შეიძლება დაგიჭირონ?! ისიც, შუაღამით. კრიმინალები ხომ არ ვართ, სახლში რომ გვივარდებიან და პოლიციაში გვერეკებიან. ასეთი რა დავაშავეთ? უბრალოდ, ჩვენი მძიმე სამუშაო პირობები გავაპროტესტეთ და ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე ხელფასი მოვითხოვეთ. მონები ხომ არ ვართ, უხელფასოდ და ისიც, მძიმე პირობებში რომ ვიმუშაოთ“, - აცხადებს მეტალურგიული საწარმოს მუშა, რომელიც 11 ივნისის ღამეს სამართალდამცავთა ბორკილებს გადაურჩა.

ოფიციალურად, დაკავებულებს ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენეს. ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ 12 ივნისს მათ ოცდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ფულადი ჯარიმის დაკისრებაზეც. გაფიცულთა ის ნაწილი, რომელიც ჯერაც პოლიციის დაკითხვის მოლოდინშია (უთხრეს, რომ ყველა გაფიცული უნდა დაიკითხოს), აცხადებს, რომ არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ, ქარხნის ხელმძღვანელობამ ისინი პოლიციით დააშინა.

„ჩემი სახელი და გვარი გაზეთში არ დაწეროთ და გეტყვით, რომ დაკავებულებს უთხრეს - შევთანხმდეთ, ვითომ პოლიციას გაუწიეთ წინააღმდეგობა და ოც დღეში გაგათავისუფლებთო. ზუსტად ის ხალხია დაკავებული, ვინც 11 ივნისს ტელევიზიებს ინტერვიუები მისცა. ამით შიში დათესეს, რომ ხვალ დანარჩენებიც გაგვაჩუმონ და კვლავ მონებივით, უხელფასოდ და უშვებულებოდ გვამუშაონ. დამიჯერეთ, არც ჩვენს ქარხანას და არც სხვა დანარჩენს ორდღიანი გაჩერებით ისეთი ზარალი არ მიადგება, რაც ჩვენ ვნახეთ მთელი იქ მუშაობის პერიოდში. მაგრამ ოჯახები გვაქვს შესანახი და ხელფასისთვის ყველაფერს ვითმენდით“, - ამბობს საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გაფიცულების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგებოდა, საწარმოს ხელმძღვანელმა ამის შესახებ საპროტესტი აქციის დაწყებისთანავე, 11 ივნისს, დილით განაცხადა. ტარიელ შაქარაშვილმა ჟურნალისტებისთვის განუცხადა, რომ გაფიცვით საწარმომ იზარალა და ზარალის დადგენის შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. 

„ჩვენ კუთვნილ ხელფასს ვითხოვთ. 2010 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ხელფასები, რომელსაც დაგვიანებით ვიღებთ. წინა თვეების გასამრჯელო ჯერაც აუღებელი გვაქვს. როცა ვიკითხეთ ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ეს წინა წელს გაცემული მაღალი ხელფასებითაა განპირობებული. თურმე, მაღალი ხელფასები შეცდომა იყო, რის გამოც საწარმომ იზარალა და ახლა ამ შეცდომას ასწორებენ. გარდა ამისა, არაადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. არა გვაქვს წყალი, რომ ადამიანმა ხელის დაბანა და თავის მოწესრიგება შეძლოს“, - აცხადებდნენ გაფიცული მუშები.

ინდურ-ქართულ ქარხანაში, რომელიც ქუთაისში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, მძიმე სამუშაო პირობებზე მუშა-ხელი გახსნის დღიდანვე ალაპარაკდა. თუმცა, სოლიდური ხელფასების გამო თანამშრომლები სამსახურზე უარს არ ამბობდნენ. გაირკვა, რომ მოგვიანებით ხელმძღვანელობამ ხელფასებიც შეამცირა და მუშებს კუთვნილ შვებულებაზეც უარი უთხრა.

ვითარებას საპროტესტო აქცია, მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა. საწარმოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მუშებს გაფიცვის მიზეზი არა აქვთ  და მათი განმარტება, თითქოს ქარხანაში სამუშაო პირობები არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ასეთი ამბების შემდეგ, როცა ჩვენი თანამშრომლები ძალის გამოყენებით დააპატიმრეს, გვეუბნებიან, დავბრუნდეთ და ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. თუმცა, ამას არ ვაპირებთ. სანამ ჩვენს თანამშრომლებს არ გაათავისუფლებენ, სამუშაოზე უარს ვაცხადებთ. თუნდაც, ყველანი დაგვაპატიმრონ. ბოლოსდაბოლოს, ყველას ხომ არ დაგვიჭერენ?! თანაც, არავის აქვს უფლება, როგორც მონებს, ისე მოგვექცეს“, - აცხადებდნენ გაფიცული მუშები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საპროტესრო აქცია გაცილებით მასშტაბურ და მძაფრ სახეს მიიღებს.

ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს ხელმძღვანელობა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები