კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა იზრდება

14 ივნისი, 2010
 ნინი თოფურიძე

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოდან  გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებით ბევრი სარჩელი 2008-09 წლებში გაიგზავნა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოქალაქეებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარება, დაიცვან საკუთარი უფლებები ევროპის სასამართლოში.
 
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები თავიანთ სახელწიფოებს უჩივიან. დავის საგანი ადამიანის უფლებებია. მოქალაქეთა შორის დავები სტრასბურგში არ განიხილება.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოა. იგი 1950 წლს დაარსდა. 1959 წელს სტრასბურგში პირველი მოსმენა გაიმართა. ხოლო 1960 წელს სასამართლომ  პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე - „ლავლესი ირლანდიის წინააღმდეგ“.

სტრასბურგის სასამართლო საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს. ამის დასტურია ისიც, რომ აქ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამჟამად სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის უფლება 47 ქვეყანას აქვს. საქართველომ ეს უფლება 1999 წლიდან მოიპოვა. პირველი ქართული საქმე რომელიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა, პოლიტპატიმარ თენგიზ ასანიძის საქმე იყო. იგი რამდენიმე წელი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. დავა პატიმრის სასარგებლოდ გადაწყდა – საქართველოს ასორმოცდაათი ათასი ევროს გადახდა დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ.

2010 წლის 1 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საზოგადოებას თავისი არსებობის 50 წლის ანგარიში და სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა.

ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, რომლებიდანაც სასამართლოს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. სტატისტიკის თანახმად, 2000 წელს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 7 სარჩელი შევიდა. შემდეგი წლების სტატისტიკა  კი ასე გამოიყურება: 2001 წ. – 22  საჩივარი, 2002 წ. –29; 2003 წ. – 35;  2004 წ. – 48, 2005 წ. – 72, 2006 წ. – 105, 2007 წ. –162, 2008 წ. –1771, 2009 წ. – 2122 სარჩელი.

დღესდღეობით ადამიანის უფლებათა სასამართლოში ყველაზე მეტი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგაა შეტანილი (საერთო რაოდენობის 28.1%); მას მოსდევს: თურქეთი (11. 0%),  უკრაინა (8.4%),  რუმინეთი (8.2%), იტალია  (6.0%), თითქმის თანაბარია პოლონეთის (4.0%) და საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები (3.4%). ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული არ არის.

 2009 წელს ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი 11 სარჩელი განიხილა და 11-ვე მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილა. აქედან 7 დარღვევა შეეხებოდა არაადამიანურ და პატივის შემლახავ მოპყრობას, 1 - ეფექტური გამოძიების შეუძლებლობას; 6 - თავისუფლებასა და უსაფრთხოებას; 1- პირადი ცხოვრების უპატივცემლობას;

1999 წლიდან დღემდე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 4373 სარჩელი დარეგისტრირდა. აქედან სასამართლომ სულ 35 სარჩელზე იმსჯელა არსებითად, 293 სარჩელი დაუშვებლად ცნო ან ამოიღო განსახილველი საქმეების სიიდან. ხოლო განხილული საქმეებიდან 28 საქმეში დაადგინა ევროკონვენციის დარღვევის ერთი ფაქტი მაინც.


ექსპერტების აზრით, 2008-09 წლებში ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელების რაოდენობის მატება საქართველო-რუსეთის კონფლიქტმა გამოიწვია. ე.წ. ხუთდღიან ომს ცხინვალის რეგიონში ათასობით დაზარალებული ჰყავს, რომელთა ნაწილი საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო ბერკეტებით ცდილობს. ამ თვალსაზრისით, სარჩელების რაოდენობის გაზრდაში მონაწილეობა სახელმწიფო სტრუქტურებმაც მიიღეს, რომლებმაც 2008-09 წლებში უზრუნველყვეს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების ნაწილის მომზადება და სტრასბურგში გაგზავნა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი სტრასბურგში სარჩელების შეტანაზე მუშაობს. მისი თქმით, სარჩელების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია სტრასბურგის სასამართლოს ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისათვის. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე იციან, რომ ევროპის სასამართლო კარგი საშუალებაა საქართველოში შელახული უფლებების დასაცავად.

საქმე რომ სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს, ჯერ საკუთარ ქვეყანაში უნდა მოიაროს სასამართლოს ყველა ინსტანცია. მხოლოდ ამის შემდეგ, საბუთების შედგენის საფუძველზე, შესაძლებელია სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოებში არ ითვალისწინებენ ამა თუ იმ საქმის სტრასბურგში განხილვის პერსპექტივებს. მოსამართლეები წინ არ იხედებიან და არ აცნობიერებენ, რომ როდესაც ევროპის სასამართლო მოსარჩელეთა კომპენსირებას საქართველოს დააკისრებს, საკომპენსაციო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები აქტიურად ეხმარებიან უფლებაშელახულ მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი უფლებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ცოტა ხნის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ნოდარ ბეგიაშვილმა მომართა, რომლის საქმეც 24 ივნისს უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კერძო მესაკუთრის შელახულ უფლებებს არ აღიარებს და მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნიკოლოზ ლეგაშვილი ამ საქმეზე სტასბურგში გასაგზავნ სარჩელს მოამზადებს.

ახალი ამბები