კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა

15 ივნისი, 2010
მარიკა ვაჭარაძე

ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა თებერვლში დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულებული იყო. გასულ წელთან შედარებით ამ პროექტით გათვალისწინებული თანხები გაორმაგდა. ასევე დაჩქარდა სამუშაოების რიტმი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტების აბსოლუტური უმრავლესობის დაწყებას და დამთავრებას სამი თვე მოანდომეს. გასულ წელს კი პროექტების რაოდენობაც ნაკლები იყო და თანხაც, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდა.

კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა თემების ხელმძღვანელებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ეკისრებათ. მათ ეს წინასაარჩევნოდ ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც დაევალათ, რადგან პროექტების უმრავლესობა 20 მაისამდე უნდა დასრულებულიყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ნიკურაძე აცხადებს, რომ მსგავსი დირექტივა „ზემოდან არ წამოსულა“: „ამ სოფლის მხარდამჭერ პროგრამას შარშან შედეგი არ ჰქონია. იყო სოფლები, სადაც სოფლის პროგრამები თავმოუბმელობის გამო ვერ დამთავრდა. ახლა კი გადაწყდა, 20 მაისამდე დასრულებულიყო. თუმცა ამის დირექტივა არავის არ მოუცია. ეს მოსახლეობის სურვილი იყო“.

ძნელი გასარკვევია, მართლაც იყო თუ არა მოსახლეობის სურვილი სოფლის მხარდამჭერი პროგრამების დასრულება მაინცდამაინც 20 მაისამდე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში რამდენიმე სოფელი შედის. ზემო ტოლების, ვაზისუბნის, ქორეისუბნის და ბუღნარას სოფლის მცხოვრებლებს ერთი საერთო პრობლემა ჰქონდათ. მათ ბოლო 15 წლის მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდათ.  ზემო ტოლებში 200 მეტრის სიგრძის 50 მმ-იანი წყლის მილის შეძენამ წყლის პრობლემა თითქმის გადაწყვიტა. თუმცა, ვაზისუბნის, ქორეისუბნის და ბუღნარას მოსახლეობას სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება.

ვაზისუბანში ტოლები-ვაზისუბანი-ქორეისუბნის წყალსადენს შეკეთება სჭირდებოდა, რასაც სოფლის მცხოვრებლები თავისი ძალებით ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მათ ინდ. მეწარმე „აკაკი თელია“ დაიქირავეს, რომელსაც სამუშაო 12 888 ლარად 29 მარტიდან 15 მაისამდე უნდა შეესრულებინა. ამავე ინდმეწარმემ აიღო ვალდებულება ქორეისუბანში და ბუღნარაში წყალსადენის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, რისთვისაც დამატებით 2 000 ლარი უნდა მიიღოს. ჩვენ შევეცადეთ „აკაკი თელიასთან“ დაკავშირება, მაგრამ ვერ შევძელით. როგორც გვითხრეს, ამ ფირმას ყველა ის ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ვინც ადრე წყალთასამმართველოში მუშაობდა. ამდენად, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეაქვთ.

ამ დროისთვის სამივე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ეს ის პრობლემა აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ვერ მოაგვარა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სოფლის მხარდამჭერი პროექტებითვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 382 110 ლარი მიიღო. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. 2009 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში ბაღდათისთვის განკუთვნილმა თანხა 196,412 ლარი იყო. ბაღდათის 11 სათემო კავშირში ამ პროექტის ფარგლებში 52 პროექტი განხორციელდა. გასულ წელს კი 58 პროექტი დაფინანსდა. თუმცა, წელს დაფინანსებული პროექტები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მოცულობით გაცილებით დიდია.

გასული წლის სოფლის პროგრამის შედეგს ბაღდათის ადგილობრივ თვითმმართველობაში ნორმალურად აფასებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ შარშან ყველა პროექტის დასრულება თითქმის წლის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი. წელს კი გაცილებით მარტივად მოხდა სოფლის პრიორიტეტების შერჩევა. გასულ წელს სამუშაოს შემსრულებელი კერძო კომპანიები იყო, ხოლო წელს ძირითადად სოფლის მოსახლეობამ იტვირთა სამუშაოს შესრულება.  ბაღდათის რამდენიმე სოფელში ადგილობრივმა კერძო მეწარმეებმა 5 პროექტი განახორციელეს. ამ შემტხვევაშიც კი ადგილობრივი მოსახლეობა იქნა დასაქმებული, რამაც მხოლოდ რამდენიმე თვით ბაღდათის სოფლის მცხოვრებლებს უმუშევრობის პრობლება მოუხსნა.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დაახლოებით 40% სოფლის შიდა გზების შეკეთებას მოხმარდა. ამ ეტაპზე გზები მხოლოდ მოხრეშეს. სოფლის გზების გარე განათებისთვის 90,402 ლარი გამოიყო, ხიდების და ხიდ-ბოგირებისთვის 39,555 ლარი, სასამელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის 28, 314 ლარი დაიხარჯა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, სადაც ხალხს სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდებოდა. სპორტული მოედნები 11,035 ლარით დაფინანსდა. „სხვა სამუშაოებისთვის“ 53, 192 ლარი გამოიყო.

კონკრეტულად რა დაფინანსდა „სხვა სამუშაოების“ ეგიდით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ტაბუშაძე გვპასუხობს: „ამ კატეგორიით ის სამუშაოები შესრულდა, რასაც არ მიესადაგა იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რაც პირდაპირ ფინანსდებოდა ამ პროგრამით. იყო შემთხვევა, როცა სოფელი ისეთი პროექტის შესრულებას ითხოვდა, რომელიც პრიორიტეტების 27 ჩამონათვალში არ შედიოდა“.

ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 573 409 ლარი გამოყო. იგივე პროგრამა კი გასულ წელს მხოლოდ 266,339 ლარით დაფინანსდა. გარდა თანხის გაზრდისა, გასულ წელს ყველა პროექტი ვანის მუნიციპალიტეტში მთელი წლის მანძილზე ხორციელდებოდა, თუმცა წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროექტი დასრულდა.

2010 წელს ვანში 14 თემში 125 პროექტი განხორციელდა. პრიორიტეტები სოფლის კრებებზე თავად მოსახლეობამ შეარჩია. კრების ოქმები ვანის მუნიციპალიტეტში ინახება, სადაც წერია, თითოეულმა სოფელმა როგორ აირჩია პრიორიტეტი.

ვანში სამელი წყლის სისტემების მოწესრიგებისთვის 573 409 ლარიდან 101 979 ლარი დაიხარჯა. ეს პრობლემა ზედავანის თემში სოფელ ტყელვაშის, ყუმურის თემში სოფელ დუცხუნშის, დიხაშხოს თემში სოფელ ისრითის, ფერეთას თემს, სალომინაოს თემს, უხუთის თემში კერცხედის უბანს, ზეინდრის და გორას თემში მცხოვრებლებს ერთნაირად აწუხებდა. როგორც შევიტყვეთ, მათ ამ თემებში პრიორიტეტის შერჩევაზე არ უმსჯელიათ. „კარგია რაც გაკეთდა, რადგან 200 ოჯახს სასმელი წყალიდღეს უპრობლემოდ მიეწოდება, მაგრამ ამ სოფელში პრობლემებს შენ გამოლევ?“ - რიტორიკულად გვეკითხება ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ მიქელაძემ გვითხრა, სოფლის პროგრამები მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობამ საკუთარი ძალებით განახორციელა. არც ერთ ფირმასა და კერძო პირს სამუშაო ამ პროგრამის ფარგლებში არ შეუსრულებია. თუმცა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მასალების შეძენაზე იზრუნა და სოფლის ცენტრამდე მიიტანა. ყუმურის თემში გვითხრეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მათ სასმელი წყლის სისტემის მოგვარებისთვის საჭირო მილები თავად ჩაუტანეს, ხოლო შესაკეთებელი სამუშაო სოფლის მოსახლეობამ შეასრულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ვანის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა პროექტი დასრულდა. დიხაშხოს თემში გარეგანათების მოწყობა 30 ივნისისთვის იგეგმებოდა. როგორც ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამასახურის უფროსი ჰამლეტ ბრეგვაძე აცხადებს, 30 მაისამდე მათ ამ თემშიც შეძლეს დაწყებული სამუშაოს დასრულება.

ბაღდათის, ვანის და სამტრედიის მოსახლეობა მომავალს იმ იმედით უყურებს, რომ სახელმწიფო ანალოგიურ პროექტს მომავალ წელსაც დააფინანსებს. თუმცა ამჯერად სოფელში სხვა პრიორიტეტს შეარჩევენ.

ახალი ამბები