კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემო ლამბალო - განმეორებითი კენჭისყრა ზონდერების გარემოცვაში

15 ივნისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

12 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემო ლამბალოში, 47-ე საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული სისტემით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა. ამ საარჩევნო უბნის შედეგები საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ, ცესკოს მითითებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომასალის საფუძველზე გააუქმა. 30 მაისს ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანში გადაიღეს პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა, რის შემდეგაც საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული ბიულეტენები გაანადგურა.

12 ივნისს საარჩევნო უბანი სოფელ ზემო ლამბალოს ცენტრში, ახლიმან მასიმოვის კერძო სახლის ორ ოთახში იყო მოწყობილი. ერთ ოთახში ამომრჩევლის რეგისტრატორების მაგიდები იდგა, ხოლო მეორეში ხმის მიცემის კაბინები და საარჩევნო ყუთი იყო მოთავსებული. საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა. მანამდე საუბნო-საარჩევნო კომისიამ, რომელიც ახალი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, წილისყრით ამომრჩევლის რეგიტრატორები, ყუთზე ზედამხედველი და ნაკადის მომწესრიგებელი წევრები გამოავლინა. წილისყრაში მხოლოდ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტიის - „ჩვენ თვითონ“ და „მრეწველების“ მიერ წარდგენილი წევრები მონაწილეობდნენ. „კონსერვატორების“, „ქრისტიან-დემოკრატების“, „ლეიბორისტების“ და „რესპუბლიკელების“ წევრები საარჩევნო უბანში არ გამოცხადდნენ. დილიდანვე საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ საარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები, თავმჯდომარე მაკა ბარიხაშვილი და მისი მოადგილე. მოგვიანებით მათ ცესკოს წევრი კონსტანტინე კირვალიძეც შეუერთდათ და უბანში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე დარჩა. საარჩევნო უბანში დამკვირვებლის სტატუსით სამნი ვიყავით. მე - „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ და სამთავრობო დამკვირვებლები: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პარტიული სიის პირველი ნომერი გია ჩალათაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და განვითარების აკადემიიდან“; საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ბუზარიაშვილი - „საზოგადოება ბათუმელიდან“.

საარჩევნო უბნის შესასვლელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ზემო ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, სახელად „ალაჰიარა“. სოფლის გამგებელი საარჩევნო უბანში მოსულ ამომრჩევლებს წინ უდგებოდა და აზერბაიჯანულ ენაზე ელაპარაკებოდა. „ალაჰიარასთან“ შეხვედრამდე ამომრჩევლებს ზემო ლამბალოს 47-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან უწევდათ შეხვედრა, რომელიც კენჭისყრის შენობის ეზოს შესასვლელში მანქანაში იჯდა, ამომრჩეველთა სიები ეკავა და აღნიშნავდა, ვინ მივიდა ხმის მისაცემად და ვინ არა. როცა სიების ჩვენება მოვთხოვე, ქაღალდები დაკეცა, მანქანიდან გადავიდა და წავიდა.

ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო. უბანში რეგისტრირებული 1363 ამომრჩევლიდან 12:00 საათისთვის მხოლოდ 75 ამომრჩეველი იყო მოსული, ძირითადად - ხანშიშესული ამომრჩევლები, მათ შორის 115 წლის კაციც, რომელიც გადაადგილებას სხვისი დახმარებით ახერხებდა. როცა ვიკითხე, გადასატანი საარჩევნო ყუთი რატომ არ გაქვთ-მეთქი, მაკა ბარიხაშვილმა მიპასუხა: კომისიისთვის განცხადებით არავის მოუმართავს და სიის დანართში ამიტომაც არავინ არ არის რეგისტრირებულიო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ განმეორებით კენჭისყრამდე ამომრჩევლებისთვის ამომრჩევლის ბარათები არ დაურიგებიათ, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები საარჩევნო კომისიას უკავშირდებიან და ხმის მიცემას გადასატანი ყუთით ითხოვენ.

ამომრჩევლები მაინც არ არიანო და 13:00 საათისთვის უბანში შესვენება გამოაცხადეს. საარჩევნო კომისიის წევრებს სოფლის გამგებელი „ალაჰიარა“ „ხაშლამით“, ცხელი პურით, კიტრი-პომიდორით, ყველით და ცივი სასმელებით კენჭისყრის შენობაში გაუმასპინძლდა.

14:00 საათისთვის საარჩევნო უბანში ამომრჩეველი მოვიდა და კომისიის წევრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი საჯარიმო აქტის გაუქმება მოსთხოვა.

„400 ლარით დამაჯარიმეს. მანქანაზე იმაზე მეტი ტვირთი გიდევს, ვიდრე ეს შეიძლებაო. ჩაატარეთ არჩევნები და მოგვაჭირეთ ხომ წიხლი უკვე“, - საყვედურს გამოთქვამდა ამომრჩეველი. ზემო ლამბალოს მაცხოვრებლები უკამყოფილებას გამოთქვამდნენ იმაზეც, რომ ამომრჩეველთა სიაში არ იყვნენ. „30 მაისს ვიყავი სიაში და ეხლა აღარ ვარ“, - აღნიშნავდა ამომრჩეველი რიზვან უსუფოვი. თუ ამომრჩეველი უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდა, კენჭისყრის შენობის შესასვლელში მყოფი რამდენიმე აზერბაიჯანელი მამაკაცი უმალ ფხიზლდებოდნენ და უკმაყოფილო ადამიანებს შენობის ეზოს გარეთ ფიზიკური ძალის გამოყენებით ათრევდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც გვითხრა, რომ უბანში მოგვიწევდა იმ ფოტოკამერის დატოვება, რითაც ფოტოებს ვიღებდით: „შენ ვინ ხარ, რომ იმუქრები?! საერთოდ აქ რატომ ხარ დილიდან?“ - ვიკითხე მე. აზერბაიჯანელ მამაკაცს საოლქო-საარჩევნო კომისიის ნაციონალი წევრი, გვარად ჯაბადარი გამოესარჩლა: „კანონი არაუფლებამოსილი პირების ყოფნას მხოლოდ კენჭისყრის შენობაში კრძალავს“.

17:00 საათისთვის უბანზე 104 ამომრჩეველი იყო მოსული. ბევრმა ამომრჩეველმა არ იცოდა, როგორ უნდა მიეცა ხმა. ისინი ვერ საუბრობდნენ ქართულად და ხმას ერთი და იგივე ამომრჩევლის დახმარებით აძლევდნენ. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელადაც ხდებოდა.

20:00 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურა. განმეორებით კენჭისყრაში  მონაწილეობა სულ 117-მა ამომრჩეველმა მიიღო. 98 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აიღო, 9 ხმა - „ალიანსი საქართველოსთვის“ კანდიდატმა, 1 ხმა „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატმა და 1 ხმა - „თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა. 8 ბიულეტენი გაბათილდა.

ახალი ამბები