კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტთა შეფასებით, მთავრობა საგადასახადო კოდექსს აუარესებს

22 ივნისი, 2010
გელა მთივლიშვილი

საქართველოს პრესის ასოციაცია და ჟურნალ-გაზეთების გამომცემლები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს აპროტესტებენ. პროექტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებულთა სიიდან ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი კოდი ამოღებულია. ასევე, აღარ წერია მუხლი, რომელიც ბეჭდურ მედიას, სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დღგ-სგან ათავისუფლებდა. პრესის ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ჟურნალ-გაზეთები ამგვარ საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და დაიხურება.

მოქმედი საგადასახადო კოდექსით, დღგ-სგან გათავისუფლებულია წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, ასევე, ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში, ორ სხვადასხვა ადგილას, სადაც საუბარია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების საკითხებზე, მხოლოდ განმარტებაა დარჩენილი, რომ ეს წიგნებთან და ნოტებთან ერთად, ჟურნალ-გაზეთებსაც ეხება, თუმცა, კოდექსის 169-ე მუხლიდან, რომელშიც დღგ-სგან თავისუფალი საქონელის ჩამონათვალია მითითებული, ჟურნალ - გაზეთებისთვის მინიჭებული სასაქონლო კოდი - 4902 ამოღებულია. საგადასახადო ორგანოები სწორედ ამ კოდის მეშვეობით ხელმძღვანელობენ და ექსპერტების თქმით, კოდექსში მისი არ არსებობა იმას ნიშნავს, რომ გაზეთების რეალიზაციაც დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრება. ახალი კოდექსის პროექტიდან ამოღებულია აგრეთვე ის პუნქტიც, რომელიც ჟურნალ-გაზეთებს სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა.

„ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა. პრესამ რა დააშავა? დღგ-ს გადასახადით დაბეგვრა გამოიწვევს იმას, რომ გაძვირდება გაზეთი, რაც შეამცირებს ტირაჟს. ასევე გაიზრდება რეკლამის ფასი, ეს რეკლამის გაძვირებას და შემცირებას გამოიწვევს, რომელიც ისედაც მწირია. ქაღალდი ბოლო პერიოდში 25%-ით გაძვირდა და ისედაც ართულებს პროცესს. ამ გადასახადით პრესის დაბეგვრა, ფაქტობრივად, მის გაუქმებას ნიშნავს“, - აღნიშნავს საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით, პრესა დღგ-სგან გათავისუფლებული რჩება. მინისტრის თქმით, ტრადიციული შეღავათები შენარჩუნებულია გარკვეულ სფეროებში, როგორებიც არის, მაგალითად, პრესა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

რაც შეეხება დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის გრაფაში პრესის აღმნიშვნელი კოდის არარსებობას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ამას ტექნიკურ უზუსტობას უწოდებს.

„ჟურნალ-გაზეთებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ შეიძლება არსებობს ტექნიკური უზუსტობა, კოპი-პეისტის პრობლემა, რომელიც გამოსწორდება. გამოქვეყნებულია კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსია. თუ რაიმე უზუსტობა იყო, საბოლოო ვერსიაში აუცილებლად გამოსწორდება. არანაირი მიზანი, რომ ჟურნალ-გაზეთების მიწოდება დაიბეგროს, არ ყოფილა“, - აღნიშნა სირაძემ.

როგორ მოხდა, რომ ტექნიკური შეცდომა ორგან მაინცდამაინც მედიასთან დაკავშირებით გაიპარა? მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს: „თუ თქვენ გაინტერესებთ, არის თუ არა პოლიტიკური ნება ის, რომ ეს განხორციელდეს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ არ არის. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდეს მაუწყებლობის სრულყოფილად განხორციელება და ასევე ყველანაირად შეუწყოს ხელი ინფორმაციის გაშვებას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. ამიტომ, მინდა, ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ პრესისთვის არანაირი საგადასახადო ტვირთის დამძიმება ახალ საგადასახადო კოდექსში არ მოიაზრება“.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსიაა, თუმცა ვიდრე მისი საზოგადოებრივი განხილვა მოხდებოდა, მთავრობამ ის პარლამენტში განსახილველად უკვე წარადგინა.

ახალ კოდექსთან დაკაშირებით ეს ერთადერთი შენიშვნა არ არის. პროექტში დამატებითი ღირებულის გადასახადის გადამხდელთა გაფართოებულ ბაზაში კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც მოხვდნენ. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სოლიდური შემოსავალი აქვთ და ამიტომ დღგ-ით უნდა დაიბეგრონ.

„უმაღლესი სასწავლებლების დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრა სწავლის ღირებულებას გაზრდის. მთავრობა წავიდა ამ ნაბიჯზე შემოსავლების გაზრდის მიზნით. სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად, ცხადია, შემცირდება“, - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, კოდექსის პროექტის თანახმად, დამატებითი ღირებულების გადასახადებით დაიბეგრებიან მუსიკალური და სპორტული სკოლებიც.

კოდექსის პროექტში არის ასეთი ჩანაწერიც - სხვა ჯარიმები. ექსპერტის თქმით, ამით სამინისტრო ამბობს, რომ მას ეზარება ყველაფრის ჩამოთვლა, მაგრამ საგადასახადო ორგანო რაზეც მოგედავება, იმაზე დაჯარიმდები. გადასახადის გადამხდელი ყველაფერზე პსუხისმგებელია, იგი დაჯარიმდება, მასზე განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, დაეკისრება საურავები და ა.შ.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მის ობიექტში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს და სალაროდან ნაღდი ფულიც კი ამოიღოს. „ეს პუნქტი აღიარებულ დავალიანებას ეხება და ყველა ქვეყანაშია აპრობირებული“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ექსპერტის ირაკლი შავიშვილის თქმით, „როდესაც საგადასახადო ორგანო, აღიარებული დავალიანების ფარგლებში, ანგარიშიდან ფულს მეწარმის უკითხავად სხნის, ან ყადაღას ადებს მის ქონებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის, როგორც პრივილეგირებული კრედიტორი“.

ამავე პროექტით, გადასახადის განაკვეთებს ადგენს მთავრობა, არადა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით. ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას თქმით, ეს ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიასაც, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული. კერძოდ, ამ ქარტიის მიხედვით, ადგილობრივ გადასახადებს კოდექსში არსებული ზღვარის მიხედვით, თვითმმართველობები ადგენენ.

ახალი საგადასახადო კოდექსით შეიქმნება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რომელსაც კანონის განმარტების უფლება აქვს. ირაკლი შავიშვილის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილებები ნორმატიულ სახეს იძენს და რადგან ეს ნორმატიული აქტის ხასიათს იძენს, სასამართლომ ეს განმარტება უნდა მიიღოს მხედველობაში და არა საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს. „არადა კანონის ინტერპრეტაციის უფლება მოსამართლის გარდა არავის აქვს“, - ამბობს ექსპერტი.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ჯარიმების გარკვეული ნაწილი მცირდება, მაგრამ ზოგიერთი სახის ჯარიმა უფრო მეტად იზრდება. მაგალითად, ზედნადების უქონლობისთვის ან მასში შეცდომისთვის, პირი დაჯარიმდება ამ საქონლის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, მოქმედ კოდექსში ამ ჯარიმაზე 100%-ია განსაზღვრული.

პროექტში შესულია მიკრობიზნესის ცნებაც. პროექტის მიხედვით, ის ადამიანები, რომლის წლიური ბრუნვაც 30 000 ლარს არ აღემატება, გადასახადებს არ გადაიხდიან. წლიური 30 ათასი ბრუნვა ნიშნავს თვეში, დაახლოებით, 2500 ლარის ბრუნვას. აქედან 10%-იან მოგებას თუ ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ გადასახადისგან ის ადამიანები გათავისუფლდებიან, ვისაც თვეში 250 ლარი აქვთ შემოსავალი. ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აღრიცხოს საგადასახადო ორგანომ, რომ მიკრო მეწარმე წლიურ 30-ათასიან ბრუნვას გადაცდა, ვინაიდან მათ არც სალარო აპარატების ქონის ვალდებულება აქვთ და არც სხვა რაიმე დოკუმენტების წარმოების.

ექსპერტების თქმით, კოდექსი პრობლემას ქმნის მსხვილი და მცირე ან მიკრო ბიზნესთან ურთიერთობაში, ვინაიდან ელემენტარულად ბაზრობაზე ნაყიდ პროდუქტს ბიზნესმენი ხარჯებში ვერ გაქვითავს. ეს პრობლემას განსაკუთრებით რესტორნისა და კაფეების მფლობელებს შეუქმნით, რადგან ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდექტს, ძირითადად, ბაზრებში ყიდულობენ.

ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი ამბები