კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენ აქ დავრჩებით და ასე უფრო შევინარჩუნებთ ახალგორს, ვიდრე წეროვანში უქმად ჯდომით და სააკაშვილისთვის ტაშის დაკვრით“

28 ივნისი, 2010
 მარი ოთარაშვილი, ახალგორი

უკაცრიელი, აბალახებული შარა-გზები... ბოქლომებით ჩაკლიტული სახლები და ირგვლივ გამეფებული სიცარიელე... ერთ დროს ხმაურიან-აჟრიამულებულ ახალგორში ახლა სიხალვათე და მოწყენილობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქმის ვერსად დაინახავთ სამხედრო ტექნიკას ან ავტომატმომარჯვებულ სამხედროებს, ახალგორის ქუჩებში ისეთი სიწყნარე შეგეჯახებათ, თავდაპირველად, შესაძლოა, შეგეშინდეთ კიდეც.

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელს დაბაში ცარიელი ქუჩების არსებობა არ ეხამუშება და არც ერთ ახალგორელს დევნილად არ თვლის: „ჩვენ არავინ გაგვიგდია და არც ახლა ვაგდებთ. პირიქით, ყველა ახალგორელს ვეუბნებით, მოვუწოდებთ: ჩამოვიდნენ და როგორც გაეხარდებათ, ისე იცხოვრონ. აგერ, აქ ვინც არის დარჩენილი, ჰკითხეთ ერთი, ვინმეს რამე დავუშავეთ, ან ვუშავებთ?! თქვენ გგონიათ, თვითონ არ იციან, რომ არაფერს ვუშავებთ?! მაგრამ ასეთია საქართველოს პოლიტიკა, მსოფლიოს უნდა აჩვენონ ლენინგორიდან „გამოგდებული“ ხალხი. ამისთვის ააშენეს რეკორდულ დროში წეროვანში სკები, რომლებიც ჩვენი ვარაუდოთ, მალე სამხედრო ქალაქად გადაიქცევა“.

„თავიდან, 2008 წლის აგვისტოს, როცა ქვეყანაში ომის ცეცხლი ტრიალებდა და ლამის თბილისშიც შევარდნენ რუსული ტანკები, ახალგორი აღარავის ახსოვდა. ვერ წარმოიდგენთ, ხალხი რა დღეში ვიყავით. ზოგი სად გარბოდა და ზოგი – სად. ახლა, როცა სიტუაცია დალაგდა, ზოგიერთი აქ დავბრუნდით კიდეც. წეროვანში ძალიან გვიჭირს გაძლება. იქ თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რეალურად არაფერიც არ გვაქვს. უმეტესობას მაინც ეშინია და აქეთ ვერ მოდის. თან სააკაშვილის ხელისუფლებას ეგრე აწყობს თურმე და... არიან იქ, წეროვანში“ – სინანულით გვესაუბრება ერთ_ერთი ახალგორელი. 

ახალგორში 3 სკოლაა, მაგრამ 2010-2011 სასწავლო წელს ახალგორელები 2 სკოლით შეხვდებიან. „ამჟამად აქ მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან მცირეა - სამივე სკოლაში ერთად 70 ბავშვი. ამიტომაც 3 სკოლა მართლა ბევრია. მაპატიეთ, მაგრამ ერთი სკოლა აქ რომ იხურება ბავშვების სიმცირის გამო, იმათ კისერზე უნდა იყოს, ვინც აქედან ბავშვები წაიყვანა და წეროვანის სკოლაში ატარებს. ზუსტადაც, რომ მათი ბრალია! მოვა დრო და სანანებელი გაუხდებათ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მასწავლებლებმა.

მასწავლებლის ანაზღაურება ახალგორში 8000-12000 რუბლია (480-720 ლარი). ახალგორში დარჩენილ ბავშვებს, ფაქტობრივად, გასართობი არაფერი აქვთ. მხოლოდ ტელევიზორი! მშობლები ამიტომაც ემადლიერებიან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს: „ეს ორგანიზაცია რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა, არ ვიცით. ჩემი ორივე ბავშვი აქ დამყავს. ჭრა-კერვას, ქარგვას, სხვადახვსა ხელსაქმეს სწავლობენ. მერე - ღონისძიებებს ატარებენ, ექსკურსიებს აწყობენ... ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით – ეს რომ არა, ჩვენი ბავშვები მთლად გადაყრუებულები, ყველაფერს მოწყვეტილები იქნებოდნენ“.     

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს არცთუ ისე დიდი შენობა აქვს - სულ 3 ოთახი ბაგა-ბაღის შენობაში. სამივე ოთახი მორთულია. კედლები სავსეა ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრებით: ნაქარგებით, თიხის სუვენირებით, სხვადასხვა სამკაულებით, ნახატებით... ნახატებიდან ყველაზე მეტად ერთი დაგამახსოვრდებათ - მთლიან ფურცელზე წეროვნის კოტეჯის მსგავსი შენობაა გამოსახული, მის მიღმა კი გველი ირონიულად იზნიქება და ენას ასარსალებს... შარშანდელი ზაფხული გამახსენდა, წეროვანში ჩასახლებული ახალგორელები რომ ყვებოდნენ - ისე ცხელა, უნიტაზებიდან გველები ამოდიანო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, სკოლის დირექტორებთან შედარებით, ოდნავ ნაკლები ანაზღაურება აქვს - 7 300 რუბლი. ხოლო წრეების ხელმძღვანელების ხელფასი 2800-3900 რუბლია, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 45 ბავშვი დადის. წრეები უფასოა.           

ახალგორის მაღაზიები მოქმედია. აქ იხილავთ როგორც თბილისიდან, ასევე რუსეთიდან ცხინვალის გავლით შესულ პროდუქციას. ფასები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დანარჩენ საქართველოში. საქონელი იყიდება ლარებშიც და რუბლებშიც. 

მოქმედი იყო რესტორანიც, სადაც ძირითადად სამხედროები იკრიბებოდნენ. ახლა რესტორანი დროებით დაკეტილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ - კაპიტალურად უნდა შერემონტდეს.  

უნდა შეკეთდეს ყოფილი საბჭოს შენობაც, სადაც შემოდგომაზე სატყეო სამმართველოს შენობიდან დე ფაქტო მმართველი ძალები უნდა გადაბარგდნენ.  

ახალგორის ქუჩებში თეთრი „ნივებითა“ და „ჯიპებით“ პერმანენტულად პატრულირებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიცია.

ადგილობრივები, მათ შორის დე ფაქტო ჩინოვნიკებიც, ძირითადად „მაგთის“ აბონენტები არიან. სარგებლობენ რუსული „მეგაფონითაც“.
„ბევრი ნათესავი გვყვავს გაღმა, იქეთ – თბილისშიც და ცხინვალშიც. ამიტომაც ორივე გვჭირდება“, – ასე ხსნიან ახალგორელები „მეგაფონი-მაგთის“ დუეტს. ერთ-ერთმა სინანულით ესეც დაამატა: „ახალგორი დაიკარგა და მორჩა! აი, ნახავთ, ეს უბარლო ხალხი 15 წელი მაინც ასე ვიქნებით კოზაკებივით რუსებისა და ქართველების, თუ ქართველებისა და ოსების პოლიტიკის შუაში გაჭყლეტილები. აფხაზეთის დაკარგვიდან 20 წელი გავიდა და რა?! ამ მიწა-წყლის დაბრუნების რამე პერსპექტივას ხედავთ?! არც არაფერს!!! ახალგორიც ასე დაიკარგა. არა გვაქვს იმედი, რომ უახლეს დროში მას ქართული მხარე დაიბრუნებს. ჰოდა, რად მივატოვოთ ის მიწა-წყალი, რომელზეც დავიბადეთ-გავიზარდეთ, სადაც ჩვენი დედულ-მამულია?!.. ჩვენ აქ დავრჩებით და ასე უფრო შევინარჩუნებთ ახალგორს, ვიდრე წეროვანში უქმად ჯდომით და სააკაშვილისთვის ტაშის დაკვრით“.

რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკას და ამავე ქვეყნის სამხედრო პირებს ადმინისტრაციულ საზღვარსა და სოფელ ყანჩავეთში არსებულ სამხედრო ბაზაზე უფრო ნახავთ. ახალგორში ძალიან ცოტას შემორჩა იმედი, რომ ეს ადმინისტრაციული საზღვარი სახელმწიფო საზღვრად არ გადაიქცევა.

ახალი ამბები