კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენ გარდაცვლილი ბრძანდებით!“ - საარჩევნო მაქინაციებით დაზარალებული პენსიონერები ვერც პენსიას იბრუნებენ და ვერც „სიცოცხლეს“

30 ივნისი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

საქართველოში პარადოქსები აღარ უკვირთ. ყოველი არჩევნების დროს, მიცვალებულები რომ „ცოცხლდებიან“, ამასაც, მგონი, მივეჩვიეთ, მაგრამ პირიქით თუ ხდებოდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. რამდენიმე ფოთელმა პენსიონერმა მიმდინარე თვეში კუთვნილი პენსია ვერ აიღო, რადგან ისინი პენსიონერთა სიაში არ აღმოჩნდნენ. როცა ამის მიზეზით დაინტერესდნენ, გამაოგნებელი პასუხიც მიიღეს - თქვენ გარდაცვლილი ბრძანდებით და პენსია ამიტომ მოგეხსნათო.

ამის გაგონებაზე პენსიონერ მადონა ნოდიას ლამის ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ გამოსავალი იმით მოძებნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო განყოფილებას მიაშურა და პასუხი მოითხოვა და ასეთი პასუხი მიიღო - თქვენსავით მრავალი „გარდაცვლილი“ გვაკითხავსო. თან ფრიად „დამამშვიდებელი“ არგუმენტიც მოისმინა - თქვენ კიდევ რა გიჭირთ, შედარებით ახალგაზრდა ხართ და 80 წელს მიტანებული ადამიანისთვის როგორი იქნებოდა ასეთი ინფორმაციაო.

სიმართლე გითხრათ, არც მადონა ნოდიას მოეფინა გულზე ვარდად ასეთი პასუხი და „გასაცოცხლებლად“ სასწრაფოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიშურა. როგორც იქ აუხსნეს, ეს მონაცემები საარჩევნოდ ამ სამსახურის კარდაკარ მოსიარულე თანამშრომლებმა მოიტანეს. არადა, მადონა ნოდიას კარგად ახსოვს, რომ თავისი ოჯახის წევრთა მონაცემები (თავისიც, რა თქმა უნდა) თავად ჩააწერინა კარდაკარ მოსიარულეებს, რომლებმაც როგორც ირკვევა, სამსახურამდე ვერ მიიტანეს ეს მონაცემები.

ისიც საინტერესოა, რომ თავდაპირველად, ნოდიამ თავისი სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ვერ აღმოაჩინა და ხმის მიცემაც ვერ შეძლო (რისთვისაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მისთვის ბოდიშიც მოუხდია), მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ საპენსიო სიიდანაც ამოიღებდნენ?!

მადონა ნოდიამ ერთი სამსახურიდან მეორეში სიარულით ვერაფრით გაარკვია, როგორ აღედგინა დაკარგული „სიცოცხლე“ და დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახურის უფროსს ბაკურ ცირამუას ჩვენი ამ საკითხით დაინტერესება, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა და გვითხრა, რომ ის უფლებამოსილი პირი არ არის, შესაბამისად, საჯაროდ ვერაფერს გვეტყვის. თუმცა, პირად საუბარში ასეთი შეცდომა ტექნიკურ ხარვეზად მონათლა და უარყო, თითქოს ასეთი შემთხვევა ბევრი იყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების წარმომადგენელმა ინგა ღვინჯილიამ კი გვითხრა: „ეს მონაცემები რეესტრმა მომაწოდა. ჩვენი სამსახური სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ნიშნავს პენსიას“. თან დასძინა, რომ ასეთ მოქალაქეებს პენსია არ დაეკარგებათ და როგორც კი მონაცემები გასწორდება, მაშინვე მიეცემათ ყველა ერთად. 

იმედია, ნოდიასა და მის მდგომარეობაში მყოფი პენსიონერების საკითხი მალე მოგვარდება და ხანდაზმული ადამიანები თავიანთ კუთვნილ პენსიას შეუფერხებლად მიიღებენ.

ახალი ამბები