კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტები დამეწყრილ აჭარაში გარბიან

1 ივლისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

„მაღალმთიან აჭარაში მეწყერმა სახლი დამინგრია. 700 კილომეტრიდან წამოგვიყვანეს და აქაც დანგრეულ სახლში შემასახლეს. მახსოვს, ღამით მოგვიყვანეს და ვერაფერს ვარჩევდით, შუქი არ იყო. დაგვპირდნენ, ევრორემონტიანი სახლები გექნებათო, მაგრამ ჩემს სახლს იატაკიც არა აქვს და კედლებიც ინგრევა. ორი დღის წინ იატაკი ჩატყდა და საწოლიანად პადვალში ჩავვარდი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი“, - ამბობს ეკომიგრანტი ჟუჟუნა გოგიტიძე, რომელიც ახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ცხოვრობს.

ამ სოფელში ეკომიგრანტების 32 ოჯახი ხულოს და შუახევის რაიონებიდან 2003 - 2005 წლებში ჩაასახლეს. 10-მა ოჯახმა ქორეთი უკვე დატოვა და უკან, დამეწყრილ აჭარაში დაბრუნდა, სადაც მათ სიცოცხლეს კვლავ საფრთხე ემუქრება.

ეკომიგრანტები ქორეთის დატოვების ძირითად მიზეზად სოფელში სკოლის არქონას ასახელებენ. „ოთხი შვილი მყავს. ბავშვები სოფელ საკობიანოს სკოლაში დადიან, რომელიც ჩვენი სოფლიდან 4 კილომეტრით არის დაშორებული. წვიმიან ამინდში სკოლაში ვერ მიდიან. ალაზანი როცა ადიდებულია, წყალი გადმოდის და ფეხით გადასვლა შეუძლებელია. ზოგიერთ მეზობელს ბავშვები აჭარაში ჰყავს გაგზავნილი და სკოლაში იქ დადიან. ამ მიზეზით რამდენიმე ოჯახი ხულოში დაბრუნდა. მეც ვაპირებ წასვლას“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში რეზო მამულაძემ.

16 წლის თეა დიასამიძეს წყაროზე შევხვდით. „სკოლაში მარტო ვერ მივდივარ. გზაზე ფერმებია და ძაღლების მეშინია. სახლიდან ადრე, დილის რვის ნახევარზე გავდივარ. სკოლაში მისასვლელად ერთ საათზე მეტი მჭირდება“, - გვითხრა თეამ.

ქორეთში საჯარო სკოლა 2000 წელს გაუქმდა. სკოლის ყოფილ შენობას აღარც იატაკი აქვს და აღარც კარ - ფანჯარა. კედლებიც ნგრევის პროცესშია, აგურები აქვს გამოცლილი. მოსახდელად არის გამზადებული ჭერზე დახურული შიფერიც. ქორეთში აღარ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. ბაღის ყოფილ შენობაში დაწყებითი კლასების სკოლაა განთავსებული, სადაც 8 ბავშვი სწავლობს. შენობაში 2 საკლასო ოთახია და ერთი სამასწავლებლო.

სოფელში არც საექიმო ამბულატორიაა. ერთადერთი რაც ბოლო წლებში სოფელში აშენდა, ახალი სამოციქულო ეკლესიაა.

ქორეთში მცხოვრებ ეკომიგრანტებს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვთ. „სოფელში პრობლემებს რა გამოლევს, არც გზა გვაქვს. ახლა დაყარეს ქვიშა, წინასაარჩევნოდ. მე შუახევიდან ვარ. აქ 2005 წელს ჩამოვედი. ისეთი სახლი მომცეს, უკვე ინგრევა. ვერ ვარემონტებ, რადგან დაკანონებული არ მაქვს. როცა შეგვასახლეს, გვითხრეს, 3 წლის მერე დაგიკანონებთო. 5 წელი გავიდა და მაინც არ დაგვიკანონეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ზოიძემ, რომელიც ალაზნიდან გამოვიყვანეთ. იგი მდინარეში თევზს იჭერდა: „საღამოს საჭმელი არ გვქონდა და ვიფიქრე, რამდენიმე თევზს დავიჭერ მეთქი“.

ეკომიგრანტები მესაქონლეობას მისდევენ. საკარმიდამო ნაკვეთები მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს.

შველას ითხოვენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ჩასახლებული ეკომიგრანტებიც. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მათთვის საცხოვრებლად გადაცემული სახლები დაზიანებულია და სიცოცხლისათვის საშიში, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს.

მანანა კალაძე, ოჯახთან ერთად, არეშფერანში, 2009 წელს, ვანის რაიონიდან ჩაასახლეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას საცხოვრებლად უვარგისი სახლი გადასცა. „სახურავი ჩამტვრეულია, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის. კედლები დაბზარულია და ინგრევა. ქარის დროს ღამეს მეზობელთან ვათევთ, რომ აქ ნანგრევებში არ მოვყვეთ. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ სახლი გავამაგრო. ისე გვიჭირს, თავს ძლივს ვირჩენთ“, - აღნიშნა მანანა კალაძემ.

ეთერ სურმანიძეც არეშფერანში ერთი წელია რაც ცხოვრობს. მისი ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ აგარიდან არის. სურმანიძეებთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2009 წელს არეშფერანში კიდევ 83 ადამიანი ჩაასახლა. საცხოვრებელი სახლები ლოტოტრონით განაწილდა. „როცა წვიმს, სახლში ქოლგებით ვზივართ. წვიმს თუ არ წვიმს, პირველ სართულზე მაინც წყალი დგას. ბინა ძალიან ნესტიანია და ამოშრობას ვერ ვახერხებთ. სინესტისგან სახლის კედლები ინგრევა. დახმარებისათვის ლაგოდეხის რაიონის გამგეობას არაერთხელ მივაკითხე, განცხადებაც დავწერე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. გამგეობაში სხვებიც იყვნენ, მაგრამ პასუხი არც მათ აღირსეს“, - ამბობს ეთერ სურმანიძე.

ამ დროისთვის არეშფერანში სულ 105 ეკომიგრანტი ცხოვრობს. ოჯახების 80% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, გამგეობას დასახმარებლად მხოლოდ ერთმა ეკომიგრანტმა მიმართა. „კომისიამ იმსჯელა განმცხადებლის მდგომარეობაზე და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გავუწევთ. ეგ სახლები ჩვენ არ მიგვიცია და ვინც მისცა, პასუხიც იმ უწყებას მოსთხოვონ. მე არ მაქვს ინფორმაცია ეკომიგრანტები რა პირობებში ცხოვრობენ და ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გამგებელმა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ეკომიგრანტების საკითხზე კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

ახალი ამბები