კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ გადაარჩინა აფხაზმა ქალბატონმა ქართველები დახვრეტას

5 ივლისი, 2010
 ინგა თაკალანძე, ოტობაია

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზები უმცირესობაში არიან. თუმცა, მათ თუ ჰკითხავთ, ისინი აქ არ გრძნობენ არანაირ განსხვავებულ დამოკიდებულებას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ისინი სხვა გლეხების მსგავსად ცხოვრობენ და საერთო გასაჭირს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში, თანასოფლელებს მხარშიც უდგანან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რესპოდენტმა, ნელი ახუბამ ე. წ. აფხაზეთის ომის დროს ადგილობრივი ქართველები დახვრეტას გადაარჩინა. როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო დროს გალის რაიონში გახშირდა ქართულ-აფხაზური ქორწილები. იმედიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ შერეული ოჯახები ორი ხალხის გაყინული ურთიერთობების გასალღობად საუკეთესო საშუალებაა.

76 წლის ნელი ახუბა 54 წელია, ოტობაიაში ცხოვრობს. ქართველი მეუღლე 30 წლის წინ გარდაეცვალა, როცა უკვე მრავალშვილიანი დედა იყო და ამის შემდეგ მარტოს მოუწია ცხოვრების მძიმე უღლის გაწევა. ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა, არც თავისი ვინაობის დამალვა მოუთხოვია და საკმაოდ საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა.

- როგორ მოხვდით ოტობაიაში - ქართულ სოფელში?

-    სოხუმში ვსწავლობდი, როცა ჩემი დაქალი ერთ ბიჭს მოსწონდა. ჩემი მომავალი მეუღლე იმ ბიჭის მეგობარი იყო. პირველად რომ ვნახე, ყურადღება არ მიმიქცევია. ერთი მაღალი ბიჭი იყო და ზედაც არ შემიხედავს. მერე კი ბედმა ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და ბოლოს დავოჯახდით.

-    როცა გათხოვდით და აქ ჩამოხვედით, მეზობლებმა როგორ მიგიღეს?

-  ყველამ თბილად მიმიღო, მეფერებოდნენ. სხვათა შორის, როცა ჩემები მოდიოდნენ, ისინიც მეკითხებოდნენ, ცუდად ხომ არ გექცევიან ან რამეს ხომ არ გიშავებენო. მერე როცა ნახეს, როგორი კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეკითხებოდნენ - ამ ხალხს თავი ასე როგორ შეაყვარეო.

- როგორც ვიცი, თქვენ აქაურ სკოლაშიც მუშაობდით?

-ნამდვილად. მე სოხუმის უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომი ავიღე, მერე გავთხოვდი და აქ საცხოვრებლად გადმოვედი, ეს 1956 წელს იყო. მეორე წელს კი სკოლაში მუშაობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. ახალგაზრდა ვიყავი. სკოლაში უფროსი თაობა დამხვდა და მეხმარებოდნენ, მარიგებდნენ, როგორ მოვქცეულიყავი. ბევრი რამ მასწავლეს. ცუდი არავისგან არ მახსოვს. მაშინ სკოლის დირექტორი ონერი ზანთარაია იყო, ახლა ცოცხალი აღარ არის, ძალიან კარგი ადამიანი იყო. 1957 წლიდან ომამდე - 1993 წლამდე, 36 წლის განმავლობაში ერთ სკოლაში ვიმუშავე და ვამაყობ ამ წლებით. რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვიყავი. ომის დროს ორსანტიაში გადავედით და იქ ვიყავით. მერე აღარ მიმუშავია არც ამ სკოლაში და არც სხვაგან.

თქვენი აღზრდილები თუ გეხმიანებიან ან თუ გაქვთ რაიმე სახის კონტაქტი?

- ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენს დროში ცოტა რთულია. ჩემი მოსწავლეებიდან ბევრს ახლა კარგი სამსახური აქვს და მეამაყება, რომ კარგი ადამიანები არიან. მიხარია, რომ ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებებს მიაღწიეს ცხოვრებაში. ახლახან ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დამჭირდა და ჩემმა პირველმა მოსწავლემ ვალერი ფეტელავამ გამიკეთა. სკოლაში რომ მივედი, მეხუთე კლასი ჩამაბარეს, იმ კლასში სწავლობდა ვალერიც. მაშინაც და დღესაც მათი თაობის ხალხი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ძალიან კარგი კლასი იყო.

ომის პერიოდიდან რა დაგამახსოვრდათ?

- ორსანტიაში დიდი ხნით არ დავრჩენილვარ. ამ სახლში დედამთილი მყავდა დატოვებული. ორსანტიაში რომ ვიყავით, ყოველდღე მოდიოდა ამბავი, რომ ოტობაიაში ვიღაცის სახლი დაიწვა და მეშინოდა, ჩვენი სახლიც არ დაეწვათ. ჩემი დედამთილი მოხუცი ქალი იყო და სიარული უჭირდა. მეშინოდა, სახლს თუ ცეცხლს წაუკიდებდნენ, ისიც დაიწვებოდა. სახლი არაფრით არ მიატოვა. ასე ამბობდა, ჩემი შვილის აშენებულ სახლში უნდა მოკვდეო. ჩემი მეუღლე მაშინ უკვე ცოცხალი აღარ იყო. 1972 წელს გარდაიცვალა. ორსანტიაში სულ ხუთი დღე დავრჩი. ყოველდღე ვტიროდი და მეხუთე დღეს ოტობაიაში გადმოვედი. არ ვიცოდი, ჩემი დედამთილი ცოცხალი იყო თუ არა. ორსანტიას ხიდთან რომ მივედი, ხიდი უკვე აფეთქებული დამხვდა და უამრავი ხალხი ირეოდა. მანამდე ჩემი შუათანა გოგო ზუგდიდიდან ორსანტიაში ჩამოვიდა ჩემს გასაფრთხილებლად, რომ ოტობაიაში წასვლა არც მეფიქრა. ასე მითხრა - მეც წამოვალ, იცოდე და მაშინ მეც შენთან ერთად მომკლანო. ჩემი შვილი დავამშვიდე, რომ არსად არ წავიდოდი და ისევ ზუგდიდში გავაცილე. მე კი იმავე დღეს ოტობაიაში წამოვედი.

აქ საშინელება დამხვდა. სახლიდან ყველაფერი გამოყრილი იყო და ლეიბები ეზოში ეყარა. თურმე აქ შტაბი ჰქონიათ გახსნილი. კარი ჩაკეტილი დამხვდა. ჩვენი სახლი მაშინ დამწვარი არ იყო. დედამთილს დავუძახე და ხმა არავინ რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ მოკლეს და შიგნით გდია მკვდარი-მეთქი. სახლს შემოვუარე და სამზარეულოს მხრიდან ხმა გავიგე: შვილო, რომელი ხარო. თურმე კვერცხს იწვავდა თავისთვის. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ვიტირეთ. ვუთხარი, რომ მასთან დავრჩებოდი და არ მივატოვებდი. მერე ომის დამთავრებამდე ამ სახლში ერთად ვიყავით მე და ჩემი დედამთილი. ყოველდღე ხან აქ, ხან იქ კლავდნენ ხალხს. ვისაც არ კლავდნენ, იჭერდნენ და მიჰყავდათ. სადაც ხმა მიმიწვდებოდა, ყველას ვშუამდგომლობდი. აფხაზები თუ იყვნენ, ხან მუხლზე დაჩოქილი ვეხვეწებოდი, რომ არავინ მოეკლათ. ერთხელ მურმან გაბელია და კაკო შენგელია დაიჭირეს. მეზობლები არა ვართ, მაგრამ მთელი სოფელი იცნობდა მათ, როგორც პატიოსან და მშრომელ ხალხს.  ავტომატებით მოერეკებოდნენ ცენტრალურ გზაზე. მაშინ აქ ჩემი ბიძაშვილი  იყო ტყვარჩელიდან ჩამოსული. დამიძახა და გამაგებინა, რომ მოსაკლავად უნდა წაეყვანათ და მკითხა, ამათ იცნობო.  მას არ უნდოდა, რომ ეს ბიჭები მოეკლათ. როცა დავინახე, ვინც ჰყავდათ დაჭერილი, შევეხვეწე, ჩემი მეზობლები არიან, პატიოსანი ხალხია, არავის არაფერს უშავებენ და გაუშვით-მეთქი. ერთმა ჯარისკაცმა მითხრა ერთ-ერთს მაინც მოვკლავთო - ახლა ენგურის პირას ჩავიყვან, იქ მოვკლავთ და წყალში გადავაგდებთო. ხვეწნით რომ არაფერი გამივიდა, ბოლოს ვუთხარი - ჩვენს პურ-მარილს ფეხი არ დააბიჯოთ-მეთქი. დაყვედრებასავით კი გამომივიდა. აბა, კაცს შენს სახლში პურს რომ აჭმევ, მერე ეს როგორ უნდა უთხრა?! ისინი ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც, რაც გვქონდა, საჭმელს ვუყოფდით - აბა რა გვექნა?.. ეს რომ ვუთხარი, ის ბიჭები გაუშვეს - სტუმარ-მასპინძლობის უძველეს კავკასიურ ტრადიციას პატივი სცეს. მერე ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სულ რომ არ ვიცნობდი, ისეთი ხალხი ჰყავდათ დაჭერილი, მიჰყავდათ და იმათაც დავხმარებივარ. მითქვამს, რომ ვიცნობდი და კარგი ხალხია-მეთქი, შევხვეწნივარ და გამოუშვიათ. რითაც შემეძლო, ვემარებოდი უდანაშაულო ხალხს.

- მეორე ომის დროს, 1998 წელს, დატოვეთ სახლი?

-  კი, ჩემი ნათლულის ოჯახში წავედი ორსანტიაში. მაშინ დაწვეს ეს სახლიც და რომ გავიგე, მაშინვე წამოვედი. აქ რომ მოვედი, კვამლი ისევ ასდიოდა კედლებს. მერე ყველაფერი თავიდან დავიწყე. მეზობლები ყველანი ჩემნაირ ან უარეს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მაინც ვეხმარებდით ერთმანეთს. ჩემი შვილები მხარში ამომიდგნენ, თხილის მოსავლის აღებაც მოვახერხე და კერა არ გავაცივე. კოლეგები მთხოვდნენ, რომ სკოლაში დავბრუნებულიყავი სამუშაოდ, მაგრამ უარი ვთქვი. უკვე ხანდაზმული ვიყავი და ჩემისთანები სკოლაში რა საჭიროა?!

- როგორ გგონიათ, ქართველები და აფხაზები შერიგდებიან?

- აუცილებლად უნდა შერიგდნენ, რა თქმა უნდა! აბა, ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება?! აფხაზები მიხვდნენ უკვე, რომ ქართველებთან არ უნდა ეომათ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წამოიწყო კამპანია „ბოდიში“. კამპანიის მონაწილე ქართველები ბოდიშს უხდიან აფხაზებს, რომ ომი და სისხლისღვრა ვერ შეაჩერეს. რას ფიქრობთ ამაზე?

-    მე საერთოდ არ ვიცოდი, დღეს თუ ვინმე ბოდიშს უხდიდა ვინმეს. ეს ალბათ სწორი გზაა. ომში ყველამ დაკარგა რაღაც - ნათესავები ყველას დაგვეხოცა, მაგრამ ეს ბოდიში უნდა მივიღოთ და შერიგებაზე ვიფიქროთ. აბა, ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება?! ახალგაზრდებსაც სულ ამას ვეუბნები და მომავალშიც ვეტყვი, რომ უნდა შერიგდნენ.

ახალი ამბები