კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თბილავიამშენი“ სახელმწიფომ უკან დაიბრუნა

5 ივლისი, 2010
ნინო გელაშვილი

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადავიდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ ჭარბაძემ აცნობა. მისი განმარტებით, „თბილავიამშენი“ სამინისტროს შემადგენლობაში თავად საწარმოს ხელმძღანელობის ინიციატივით გადავიდა. თავდაცვის სამინისტროსა და საწარმოს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ.  

თავდაცვის სამინისტროს საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. „თბილავიამშენის“ ბაზაზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება იგეგმება.

„ვფიქრობ, რომ ეს „თბილავიამშენის" კოლექტივის გარანტირებულ დაკვეთებს უზრუნველყოფს. ასევე, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამდენად, ჩვენ მოხარულები ვართ სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის გამო“, – განაცხადა  „თბილავიამშენის“ გენერალურმა დირექტორმა პანტიკო თორდიამ. მისივე თქმით, საწარმოს ძირითადი დამკვეთი აქამდეც თავდაცვის სამინისტრო იყო და სწორედ ამან განაპირობა მათი გადაწყვეტილებაც - „ვიფიქრეთ, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა ერთობლივი მუშაობა“. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცემიათ.

„სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით „თბილავიამშენის“ კონკურენტუნარიანობა შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს. მათი განცხადებით, „თბილავიამშენის“ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა და მის ბაზაზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნის იდეა ადრეც არსებობდა. სწორედ ამით იყო ნაკარნახევი თავის დროზე სამხედრო უწყების შემადგენლობაში სამეცნიერო ცენტრ „დელტასა“ და მოგვიანებით თბილისის სატანკო-სარემონტო ქარხნის შესვლა.

„თბილავიამშენი“, ძირითადად, მუშაობს საბჭოთა მოდელის - „სუ-25“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გამოშვებასა და რემონტზე. ამ ტიპის მოიერიშეები ბევრ ქვეყანაშია შეიარაღებაზე. ამიტომ „თბილავიამშენის“ კონკურენტუნარიანობა ეჭვს არ იწვევს. თუმცა, საეჭვოა, რამდენად მოინდომებენ პოტენციური პარტნიორები, იქონიონ ურთიერთობა საწარმოსთან, რომელიც უშუალოდ არის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში არ არის მიღებული, დამკვეთიცა და შემსრულებელიც იყოს სახელმწიფო სტრუქტურა. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, „თბილავიამშენის“ შესვლა სამხედრო უწყების შემადგენლობაში საჭიროებს დამატებით განმარტებებს გადასახადის გადამხდელთათვის და თავად საწარმოს თანამშრომლებისთვის. „მათ სრული უფლება აქვთ, იცოდნენ, თუ რა ბედი ელის საქართველოს სამხედრო- მრეწველობის ერთადერთ კონკურენტუნარიან საწარმოს“, - აცხადებს „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია“.

2004 წელს „თბილავიამშენი“ მისმა ხელმძღვანელობამ სახელმწიფოსგან გამოისყიდა 67 მილიონ დოლარად და დღეისათვის მისი აქციების 90 პროცენტის მფლობელი კვლავ საწარმოს ხელმძღვანელობაა. ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გასაგები, რატომ გახდა აუცილებელი საწარმოს დაბრუნება სახელმწიფო საკუთრებაში, როცა ბოლო  წლების განმავლობაში ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ სახელმწიფომ „ყველაფერი უნდა გაყიდოს, სინდისის გარდა“.

ახალი ამბები