კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შაშკინი & ლიპარტელიანი

13 ივლისი, 2010

გელა მთივლიშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას საჯარო სკოლებიდან 18 საათის არმქონე და პენსიონერი მასწავლებლების მოსალოდნელი მასობრივი გათავისუფლების შესახებ. საჯარო სკოლებში არსებულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მინისტრსა და მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტს, მაია ლიპარტელიანს ესაუბრა.

დიმიტრი შაშკინი: „ერთ - ერთი მთავარი სიახლე სკოლების საშტატო განრიგების დამტკიცებაა, რამაც სკოლების დირექტორებში მღელვარება გამოიწვია“.

მაია ლიპარტელიანი: „საშტატო განრიგის დამტკიცება რომ სიახლე არ არის.  საჯარო სკოლის წესდების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო განრიგიუნდა დაემტკიცებინა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა საჭიროებს დამფუძნებლის, მოცემულ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას. პრობლემა ისაა, რომ სამინისტრო არ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ ფუნქციას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარადგენდა საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს სამინისტროში დასამტკიცებლად და პასუხსაც ვერ იღებდა, დაუმტკიცეს თუ არა.

დიმიტრი შაშკინი: „ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ საშტატო განრიგები, რათა შევძლოთ მასწავლებლების ხელფასების მომატება. რეგიონებში ეს პროცესი 20 ივნისიდან დაიწყო, პირველ აგვისტომდე კი პროცესი დასრულდება. მასწავლებლის სრული განაკვეთი 18 საათია. ხოლო ზედმეტ საათებში მუშაობას პედაგოგს სახელმწიფო არ უნაზღაურებს. ბევრ სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებსაც მაგალითად, მათემატიკაში ან ქართულ ენაში 23 ან 21, ზოგს კი მხოლოდ 15 საათი აქვს. ჩვენ ვთხოვეთ დირექტორებს, საათები ისე გადანაწილდეს, რომ მასწავლებლებმა სრული განაკვეთი და შესაბამისად, მეტი ხელფასი მიიღონ. ჩვენი თხოვნა იყო, პირველ რიგში მიეცათ მასწავლებლებისთვის შესაძლებლობა, სრული განაკვეთის 18 საათი აეღოთ. ამის შემდეგ კი, ნაკლები საათობრივი დატვირთვა წარმოედგინათ“. 

მაია ლიპარტელიანი: „მინისტრი საშტატო განრიგს უკავშირებს მასწავლებლის საათობრივ დატვირთვას. მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის სახეები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეიძლება, ჰქონდეს ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი დატვირთვა.

ის ფაქტი, რომ ზოგ მასწავლებელს 23 ან 21 საათი აქვს, ხოლო ზოგს - 15 საათი, დამოკიდებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასკოლო სასწავლო გეგმაზე, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ამა თუ იმ კლასში რამდენი საგაკვეთილო საათი ეთმობა საგანს. თუ მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვირაში 21 საათი უნდა ჩაატაროს მე-10 კლასის მასწავლებებლმა, როგორ შეიძლება, რომ მას მოაკლო 7 საათი და სხვა, მეორე მასწავლებელი შეუშვა იმავე კლასში? გამოდის, რომ ერთი და იგივე კლასში ორი სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ამასთან, რომელი საკანონმდებლო ნორმის, რა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დირექტორმა, რომელ მასწავლებელს ჩამოართვას საგაკვეთილო საათი და რომელს მისცეს? თუ მინისტრის ინიციატივის მიზანი მასწავლებელთა ხელფასების მომატებაა, მაშინ შესაბამისი ცვლილება უნდა განხორცილედეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში და მასწავლებელებს მიეცეთ ანაზღაურება იმ საგაკვეთილო საათებზე, რომელიც აღმატება 18 საათს.

საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ ჩვენ, პედაგოგთა პროფკავშირმა, მაგრამ უშედეგოდ. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრის დროს დაავალა სამინისტროს, რომ აენაზღაურებინათ ეს საათები.

ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, 18 საგაკვეთილო საათს 1 მასწავლებელი ჩაატარებს თუ 18 მასწავლებელი, დაახლოებით ერთი და იგივე ანაზღაურება უნდა გაიცეს სკოლის ბიუჯეტიდან. განათლების რეფორმის არსი ამ მიმართულებით ის იყო, რომ მასწავლებელი დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყო ბევრი საათების ჩატარებით, რაც შესაბამისად, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარების გარანტი იქნებოდა.

უკვე უამრავი პედაგოგი დაგვიკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ სკოლებში განიხილეს მინისტრის ზეპირი მითითება, მაქსიმალურად დატვირთონ 18 საგაკვეთილო საათით მცირესაათიანი ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებლები“.

დიმიტრი შაშკინი: „ჩვენ გადავხედეთ სასკოლო საშტატო განრიგებს და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სკოლებში თანამდებობების 115 სახეობა არსებობს. მათ შორის სახელდებიან მთვლელები, რომლებიც არ ვიცი, რას ითვლიან და ხელფასი 500 ლარი აქვთ, ასევე მეტაბელეები, რაც ასევე დიდი სიურპრიზია ჩემთვის“.

მაია ლიპარტელიანი: „რა თქმა უნდა, ბევრ საჯარო სკოლაში არის ისეთი შტატი, რომელიც არ არის საჭირო, მაგრამ ესეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა აღმოჩნდა მეტაბელეებისა და მთვლელების საშტატო ერთეულები. როდესაც ჩვენ ამაზე სამინისტროს წინაშე საკითხს ვაყენებდით, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მინისტრს გამორჩა, რომ სკოლაში მარკეტინგის მენეჯერის შტატებიც აქვთ. აქვე შევახსენებ მინისტრს, რომ ბიზნეს-კომპანიებს არც ლოგოპედები, ბიბლიოთეკარები და ფსიქოლოგები არ ჰყავთ, მაგრამ სკოლას ესაჭიროება“.

დიმიტრი შაშკინი: „ბრენდირების მიზანია, სკოლები სამართლიანად წახალისდეს. მსმენია მოსაზრება, რომ შედეგად გაიზრდება კონკურენცია და ესა თუ ის სკოლა დამარცხებული აღმოჩნდება. დიახ, კონკურენცია იქნება, მაგრამ შედეგი სწორედ კონკურენციას მოაქვს“.

მაია ლიპარტელიანი:  „სამწუხაროა, რომ განათლების სისტემაში რეფორმების დაგეგმვა ხდება მხოლოდ თბილისისათვის. უამრავი სოფელია საქართველოში, სადაც მხოლოდ ერთი სკოლაა და ბავშვები რამდენიმე კილომეტრს გადიან სკოლაში მისასვლელად. საინტერესოა, როგორ უნდა მიიღოს ასეთმა სკოლებმა 10 ვარსკვლავი, როდესაც მათი დაფინანსება ხელფასების გაცემას ძლივს  უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრი ხშირად ახსენებს სკოლების ნაცვლად კომპანიებს, კონკურენციას, საწარმოს და ა.შ. მინდა, ვუთხრა, რომ კონკურენცია და კომპანიები ბიზნესის სფეროა და არა განათლების“.

დიმიტრი შაშკინი: „საკმაოდ წარმატებული შედეგი გვაქვს. 7 სკოლაში, სადაც მანდატურები შევიყვანეთ, ფიზიკური დაპირისპირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გაიზარდა დასწრება. ანუ, პირობითად, თუ სკოლაში არ დადიოდა 100 ბავშვი, ეს რაოდენობა შემცირდა 90%-ით, ასევე შემცირდა დაგვიანებების რაოდენობა. ამიტომ, სექტემბრიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში შევლენ მანდატურები და ამჟამად მათი ტრენინგები მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე მანდატურები ასევე შევლენ ქუთაისის, ფოთისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებში. ამასთან, თბილისისა და ბათუმის სკოლებში გაკეთდება უსაფრთხოების ზონები. კერძოდ, სკოლაში დაყენდება სათვალთვალო კამერები, რომელთა საშუალებითაც გაკონტროლდება დერეფნები და ეზოები, საკლასო ოთახებში კი არანაირი კამერები არ იქნება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, რომელიც სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხებით დაფინანსდება“.

მაია ლიპარტელიანი: „საინტერესო ინიციატივაა იმ ფონზე, როდესაც ლაპარაკია მასწავლებლის ხელფასის მომატებაზე, მეტაბელეებისა და მთვლელების საშტატო ერთეულების გაუქმების ხარჯზე. და იქვე ამბობს, რომ ამას ეკონომიით გააკეთებს. მანდატურის ხელფასი დაახლოებით 800 ლარია და თუ ამას მივუმატებთ კამერების დამონტაჟებისათვის საჭირო თანხას, რითაც გაკონტროლდება დერეფნები და ეზოები (მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულება), გასაგებია, რომ პროცესი მიმდინარეობს პირიქით. ანუ მასწავლებელთა შემცირების ხარჯზე განხორციელდება სკოლის პოლიციურ დაწესებულებად ჩამოყალიბება, თუ მანდატურის სამსახურის ამოქმედებით გაიზარდა სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, დირექტორის შტატიც ხომ არ გაგვეუქმებინა და მანდატურებისთვის მიგვენდო სასწავლო პროცესის ორგანიზება?“

დიმიტრი შაშკინი: ,,პროფკავშირების საქმიანობაში არასოდეს ვერევით. მათ მხოლოდ ის ვთხოვეთ, რომ სკოლის ბუღალტერიის მიერ ფულის გადარიცხვის მოთხოვნისას, თავად პროფკავშირის წევრმა უნდა დაწეროს განცხადება ხელფასიდან საწევროს გადარიცხვის თანხმობის შესახებ და ჩვენს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. იმისთვის, რომ ჩვენ რომელიმე მასწავლებლის ხელფასიდან პროფკავშირს საწევრო თანხა გადავურიცხოთ, თავად ამ ადამიანის ნებართვა გვჭირდება. პროფკავშირს კი სურს, რომ ეს თანხები მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე გადაირიცხოს. ეს კი ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის რეკეტია. აქ საუბარია 1,5 მილიონ ლარზე, რაც მცირე თანხა არ არის“.

მაია ლიპარტელიანი: „პროფკავშირში გაწევრიანებისა და ხელფასიდან საწევრო გადასახადის გადახდის თხოვნით განცხადებას წერს წევრი, როცა ერთიანდება პროფკავშირში და ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი ყველა წევრის განცხადება არსებობს.

როცა მინისტრი პროფკავშირის საქმიანობას რეკეტს უწოდეს და 1.5 მილიონ ლარზე მიუთითებს, ეს არის სწორედ მის საქმიანობაში ჩარევა და ზეწოლა. რეკეტია, როცა ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე აცხადებს, რომ დანიშნავს სკოლის დირექტორებს, რომ მას სჭირდება ძლიერი დირექტორი და სუსტი სამეურვეო საბჭო და ა.შ. როცა მასწავლებელი თავისი ნებით იხდის საწევროს და მინისტრს ეს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა. თუ მას აინტერესებს ამ თანხის ხარჯვის ინფორმაცია, შეუძლია მარტივად ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოს, ან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნას გაეცნოს.

ახალი ამბები