კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსებმა ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

6 სექტემბერი, 2004

რუსებმა ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის წევრების, ჟურნალისტ ნანა ლეჟავასა და ოპერატორ ლევან თეთვაძის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით აღძრეს. მათ ბრალი ოფიციალურად დღეს, 6 სექტემბერს წაუყენეს და მათთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვეს. ქართველ ჟურნალისტებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სავიზო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ.
 
ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე 4 სექტემბერს ქალაქ ბესლანის №1 საშუალო სკოლაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გაშუქებისას და ყოფილ მძევლებთან ინტერვიუს ჩაწერისას დააკავეს. 

რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია და რუსეთის ვიზები, რის გამოც ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძეს საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ. გარდა ამისა, რუსული საინფორმაციო საშუალებები მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებენ თითქოს ქართველი ჟურნალისტები მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები და შემთხვევის ადგილზე პირველები სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათი გადამღები ჯგუფი ბესლანში ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან თითქმის ცხრა საათის შემდეგ ჩავიდა. ამასთანავე ორივე დაკავებული ყაზბეგის რაიონშია რეგისტრირებული, რაც მათ უფლებას აძლევდა  საზღვარი ვიზის გარეშე გადაეკვეთათ.

ბოლო ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს ვლადიკავკაზში, ფედერალური უშიშროების სამსახურის განყოფილებაში იმყოფებიან. მათთან შეხვედრას ვერ ახერხებს რუსეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ნუგზარ გრძელიშვილი, თუმცა მოხერხდა მათთვის პირადი ნივთების გადაცემა.

აღნიშნული პირების დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინციდენტი დროულად ამოიწურება და ქართველ ჟურნალისტებს უპირობოდ გაათავისუფლებენ.

ახალი ამბები