გარდაბანში რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს
გარდაბანი. 22.09.04. მედია-ნიუსი. დღეს დილიდან გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად გარდაბანი-ჯანდარისკენ მიმავალი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა.
როგორც აქციის ორგანიზატორი, გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ტელმან გასანოვი აცხადებს, ქვემო ქართლში კორუფცია მძვინვარებს და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანამდებობებზე იგივე ჩინოვნიკები დარჩნენ, რომლებიც თავის დროზე კორუფციაში იყვნენ ჩაფლული.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ მაზმიშვილი, გარდაბნის გამგებელი დავით ნადაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები რეგიონში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე არ ფიქრობენ.
ამასთან, გასანოვი აცხადებს, რომ ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულია მხოლოდ ქართველები და აზერბაიჯანელებს არ აძლევენ თანამდებობის დაკავების უფლებას.
„არ გავხსნით რკინიგზას, თუ არ გაგვიწევენ ანგარიშს და ჩვენი უფლებების შელახვა არ შეწყდება. მაქვს დოკუმენტური მასალა ყველა იმ ჩინოვნიკის წინააღმდეგ, ვინც ჩაფლულია კორუფციაში“,- აცხადებს გასანოვი.