სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთწლიანი გახდა
თბილისი. 26.10.04. მედია ნიუსი. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი.
ახალი კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთი წლის ვადით განისაზღვრა.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ აღნიშნა, ახალი კანონი ეხება იმ პირებსაც, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში წელს შემოდგომით გაიწვევიან.
ამასთან, მზადდება ახალი კანონპროექტი, რომლითაც გაუქმდება უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სამხედრო კათედრები.
ნიკა რურუას თქმით, კათედრები კორუფციის წყაროს წარმოადგენს და სტუდენტებს ვერ აძლევენ სამხედრო საქმიანობის შესახებ სრულ ცოდნას. სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურს სწავლის დასრულების შემდეგ გაივლიან.