გათავისუფლებული პატიმრები ციხეში დააბრუნეს
თბილისი.15.11.04.მედია-ნიუსი. საბრძოლო მასალისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის ბრალდებულ ორ პირს - გ. ქ-სა და ს.ა ბ-ს 15 ნოემბერს ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიება პოლიციის ზედამხედველობით შეეცვალათ. ქ-სა და -ს ახლობლები მათ გათავისუფლებას დილიდან ციხესთან ელოდნენ, თუმცა გათავისუფლებული პატიმრები უშიშროების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლებმა მაშინვე წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.
ზუგდიდის პროკურორის მოდგილე პაატა ქირია აცხადებს, რომ გ. ქ-სა და ს.ა ბ-ს ამჟამად ახალი ბრალი წაუყენეს, კერძოდ მათ ბრალად ედებათ ადამიანის გატაცება.
დაკავებულთა ადვოკატი თანდილ ქარჩავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების საპატიმროში შებრუნება შეკვეთაა, რომელსაც პროკურატურა ასრულებს.
„სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად არაობიექტური გადაწყვეტილება, რაც პროკურატურამ და უშიშროებამ, უფრო სწორად დაინტერესებულმა პირებმა ინტერესების შელახვად მიიჩნიეს და ამ ბიჭებს ახალი აბსურდული ბრალი წაუყენეს“- განაცხადა თანდილ ქარჩავამ.
მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია თბილისში ჩამოვიდა და გენპროკურორს ამ ფაქტის გამო შეხვდა. მან იუსტიციის საბჭოს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგაძის საქმიანობის შესწავლა სთხოვა, რადგან პროკურატურას მისი ბ-სა და ქ-ს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.
სამხარეო პროკურორი აცხადებს, რომ ეს პირები წინასწარი დაკავების საკანში იმის გამო დააბრუნეს, რომ ისინი ვინმე ფონიას გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.