დამოუკიდებელი ექსპერტი საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა
თბილისი.18.11.04.მედია-ნიუსი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს მისი საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევაში ადანაშაულებს.
„მგონი, ცოტა უხერხულია, როცა ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც თავის დროზე ექსპერტიზის შესახებ კანონპროექტზე მუშაობდა, ტელევიზიით იგებდეს ინფორმაციას სემინარზე, რომელზეც ექსპერტიზის კანონსა და სისტემის რეფორმირებაზეა მსჯელობა,“- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი და დასძენს, რომ მას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი ინტერესი არ აქვს. „იუსტიციის მინისტრს აუცილებლად შევაქებ, თუ ის კარგ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერაფერს აკეთებს,“- განუცხადა „მედია-ნიუსს“ მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში შესვლის და ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენის უფლება აქვს, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ის პროფესიონალებით დაკომპლექტდება.
„მონიტორინგის ჯგუფი პირველად მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, როცა ის იუსტიციის მინისტრი იყო და ამ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების ის სპექტრი იყო წარმოდგენილი, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობდა. როგორც ჩანს, ახალ მინისტრს, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბალეტმეისტერების და მომღერლების აზრი უფრო აინტერესებს, ვიდრე პროფესიონალების. სხვა შემთხვევაში ჯგუფში სხვა გამოცდილების ხალხს შეიყვანდა,“- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.