სამხედრო პენსიონერებმა გზა გადაკეტეს
თბილისი.26.01.05.მედია-ნიუსი. ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერებმა იანვრის პენსიის მოთხოვნით თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა მოგვიანებით გზა გახსნეს და მოსახლეობის ფინანსური და საკრედიტო სამსახურების ცენტრთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეთა მტკიცებით, „სახალხო ბანკმა“ თანხა გადაურიცხა ცენტრს, თუმცა მომსახურების ცენტრი ამას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „მედია-ნიუსს“ „სახალხო ბანკის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა დოდო ბოჭორიშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანხა უკვე გადარიცხულია.
„თუ დენზე შეღავათები მოგვიხსნეს და ასე უპატრონოდ დაგვყარეს, ამ პენსიას მაინც რატომ არ გვაძლევენ დროზე,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ვეტერანები პენსიების სასწრაფოდ დარიგებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.