ქართველი სამშვიდობოები ერაყში გაემგზავრნენ
თბილისი.01.03.05. მედია-ნიუსი. 1 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის მე-13, ეგრეთწოდებული შავნაბადას ბატალიონის 558 სამხედრო მოსამსახურე, კაპიტან გიორგი შენგელიას მეთაურობით ერაყში გაემგზავრა.
გაცილების საზეიმო ცერემონია ვაზიანში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, რომელსაც შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი და საქართველოში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პატრისია მოლერი ესწრებოდნენ.
ქართველ სამშვიდობოებს ერაყში, ქალაქ ბაღდადში გაეროს მისიის დაცვის უზრუნველყოფა და სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა მოუწევთ. მათ სპეციალური ერთთვიანი მომზადება ამერიკელი და ინგლისელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გაიარეს.
ცნობისათვის: ამჟამად ერაყში სამშვიდობო მისიას 300-მდე ქართველი სამხედრო ასრულებს.