აფხაზეთში რუსმა სამშვიდობოებმა 25 წლის ლაშა ბიგვავა წამებით მოკლეს
თბილისი.21.04.05.მედიანიუსი. ჭუბურხინჯში გამართულ მორიგ ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ტრადიციულად განვლილი კვირა შეაფასეს და აღნიშნეს‚ რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება მშვიდი იყო . სხდომაზე კოლექტიური სამშვიდობო ძალების ახალი სარდალი სერგეი ჩაბანი წარადგინეს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გალის რაიონის სოფელ ღომურიში სოფლის გამგებლის შვილის, 25 წლის ლაშა ბიგვავას მკვლელობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ლაშა ბიგვავა რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა" სახლიდან გაიყვანეს და წამებით მოკლეს. მკვლელობამდე გამგებლის ვაჟს რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად "მშვიდობის მყოფელებთან" შელაპარკება მოუვიდა‚ რის შემდეგაც რუსმა სამხედროებმა მათ სახლში მიაკითხეს. კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის სამხედრო დამკვირვებელმა ვალერი ჯაფარიძემ "მედიანიუსს" განუცხადა‚ რომ აღნიშნული მკვლელობის ფაქტს ოთხმხრივი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს.ოთხმხრივი შეხვედრა ჭუბურხინჯში ტრადიციულად ერთ კვირაში გაიმართება.