არასამთავრობოები წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა’’, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ და ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრს კონსტანტინე კემულარიას, გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს განცხადებით მიმართეს.
არასამთავრობოები ითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტს თანხმობა მისცეს, რათა გამოქვეყნდეს მის მიერ მომზადებული 2004 წლის ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ წამების საწინაააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია წამებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესასწავლად 2003 წლის ნოემბერში და 2004 წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა.
კომიტეტმა ამ ვიზიტების შედეგების შესახებ ანგარიში 2005 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობას წარუდგინა. თუმცა, როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე ჭიანურდება კომიტეტისთვის ანგარიშის გამოქვეყნებაზე თანხმობის მიცემა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი განაგრძობს დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რათა მიიღონ ნებართვა ანგარიშის გამოქვეყვენასთან დაკავშირებით.
,,მივიჩნევთ რა, რომ ევროპის წამების საწინაააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნებისთვის თანხმობის მიცემა გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ნებას, რათა აღიაროს წამების წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის პრიორიტეტად და მზადყოფნას, ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მის აღმოსაფხვრელად, მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გადადგათ ქმედითი ნაბიჯები ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2004 წლის ანგარიშის გამოქვეყნებისათვის თანხმობის მისაცემად’’, _ ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.