სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ
თბილისი.26.06.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენდაციო ცენტრმა" - თბილისის №1 საპყრობილის მონაცემებზე დაყრდნობით ამავე საპყრობილეში სხეულის დაზიანებით შეყვანილ პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, 2004 წლის იანვარში სხეულის დაზიანებით შეყვანილია 38 პირი, თებერვალში - 39, მარტში - 48, აპრილში - 43, მაისში - 38, ივნისში - 45, ივლისში - 88, აგვისტოში - 13, სექტემბერში - 16 პატიმარი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნა მთელ სისტემაში (სულ 16 სასჯელაღსრულების დაწესებულება, მათ შორისაა №1 საპყრობილეც) სხეულის დაზიანებით შეყვანილთა რაოდენობა, რომელიც, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, რეალობას არ შეესაბამება; მაგალითად, 2004 წლის აპრილში მარტო №1 საპყრობილეში 43 ადამიანი შეიყვანეს ნაწამებ-დაზიანებული, მაშინ როცა ამავე თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელ სისტემაში 41-ია დაფიქსირებული.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მთელი სისტემის მასშტაბით აღრიცხულ დაზიანებათა მაჩვენებელი ასეთია: 2004 წლის იანვარში _ 35 ფაქტია, თებერვალში - 43, მარტში - 51, აპრილში - 41, მაისში - 39, ივნისში - 44, ივლისში - 93, აგვისტოში - 20, სექტემბერში - 27 პატიმარი.