პატიმრებს ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონით სარგებლობის პრობლემა არ ექნებათ
თბილისი.17.01.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს შეხვდა.
როგორც "მედიანიუსს" თევდორაძემ განუცხადა, მათ პენიტენციარულ დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. `შეხვედრა ძალზე კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. მინისტრი დამეთანხმა, რომ სანამ საქართველოში ახალი საპყრობილეები და კოლონიები აშენდება, მანამდე ძველ საპატიმროებში მყოფ ადამიანებს ელემენტარული პირობები მაინც უნდა შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ყველაფერს გააკეთებს, რათა საპატიმროებში მსჯავრდებულების უფლებების დარღვევა მინიმუმამდე შემცირდეს", - განაცხადა თევდორაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს საპატიმროებიდან მასობრივად ამოიღეს ტელევიზორები და ტელეფონები. "მინისტრი შემპირდა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას საპატიმროებიდან ტელევიზორების და ტელეფონების ამოღების თაობაზე. ის აგრეთვე შემპირდა, რომ პატიმრებს ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონით საუბრის პრობლემა არ ექნებათ", - ამბობს თევდორაძე.