მედიისა და პარტიების წარმომადგენლები გამომცემლობა “სამშობლოს” გაყიდვას აპროტესტებენ
თბილისი.24.01.06.მედიანიუსი. დღეს გამომცემლობა “სამშობლოს” შენობაში განთავსებულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები “სამშობლოს” შენობის გაყიდვის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
გამაფრთხილებელი აქცია კოსტავას ქუჩაზე 2 საათს გაგრძელდა. გამომცემლობის შენობაში განთავსებულ მედიასაშუალებებთან ერთად აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც მონაწილეობდნენ. “ხელისუფლების გადაწყვეტილება “სამშობლოს” აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, უაკნონოა და ამ გადაწყვეტილების მიღმა კონკრეტული პირები და მათი ორგანიზაციები დგანან. ჩვენ მათ შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ ვფლობთ. თუმცა ის კი ცხადია, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან არიან შეკრულნი. ხელისუფლება მხოლოდ პირად ინტერესებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. ლეიბორისტული პარტია მხარს დაუჭერს თავისუფალ სიტყვას ქვეყანაში და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მაღალკვალიფიციურ იურისტებსაც დავახმარებთ გამომცემლობის შენობში განთავსებულ ორგანიზაციებს”, _ განუცხადა “მედიანიუსს” აქციის მონაწილემ, ლეიბორისტული პარტიის წევრმა სოსო შატბერაშვილმა.
გამომცემლობა “სამშობლოს” შენობა 20 მლნ. აშშ დოლარად არის შეფასებული. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონი 3 მარტს შედგება.