კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების ცემა უკვე თელავის რაიონის გამგეობის შენობაშიც დაიწყეს

2 თებერვალი, 2006

ჟურნალისტების ცემა უკვე თელავის რაიონის გამგეობის შენობაშიც დაიწყეს

 31 იანვარს ტელეკომპანია “თანამგზავრის” ჟურნალისტს, რომან ქევხიშვილს თელავის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ფარადაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გამგეობის შენობიდან გამოაგდო.
 
1 თებერვალს რომან ქევხიშვილმა 31 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარა. მან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ფარადაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
 
რომან ქევხიშვილის განცხადებით, რაიონის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან მასზე ზეწოლა პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ჟურნალისტი 31 იანვრის ინციდენტამდე მომხდარ ფაქტებსაც იხსენებს: „დაახლოებით ერთი კვირის წინ ნიკოლოზ ფარადაშვილი დამემუქრა, რომ თუ მე რაიონის გამგეობის შენობაში კიდევ შევიდოდი, კამერას დამიმტვრევდა. მისი მუქარის მიუხედავად პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მაინც მივედი და შედეგიც სახეზეა, ფარადაშვილმა კამერა ვერ დაამტვრია, მაგრამ მე კი მცემა“...
  
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა აღნიშნულ ფაქტი დაგმო და განაცხადა: “ის, რომ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში გარკვეული ჩინოვნიკები ხელს უშლიან, დასაგმობია, თუმცა უფრო მეტად დასაგმობი ის არის, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებიან. როდესაც ქვეყანას პრეტენზია დემოკრატიულობაზე აქვს, მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს...”
 
თელავის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ფარადაშვილი ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ქევხიშვილის ბრალდებები “მტკნარი სიცრუეა.” ფარადაშვილი ირწმუნება, რომ რაიონის გამგეობასა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობების დალაგების მომხრეა და “შუამავალს” ეძებს.
 
მიუხედავად იმისა, რომ კახეთის რეგიონში ჟურნალისტებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა არაერთხელ განხორციელებულა, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დევნას უფრო და უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ დაუსჯიათ.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

 

ახალი ამბები