თელაველი მოვაჭრეები სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებენ და ქუჩაში გამოდიან
მოვაჭრეთა განცხადებები კატეგორიული და უკიდურესად ემოციური იყო. ნაირა გრძელიშვილი ხელისუფლების მიმართ საყვედურებს ხმამაღლა გამოხატავდა: “ჩვენ განვითარებადი ქვეყანაც არ ვართ. დილიდან საღამომდე გარეთ ვართ, რომ ოჯახში ერთი-ორი კაპიკი შევიტანოთ.… ამ მთავრობას უნდა, რომ შიშმშილით დახოცოს თავის მოქალაქეები...”
მიუხედავად რაიონის ხელმძღვანელობის მცდელობისა, მოვაჭრეებთან დიალოგი ვერ შედგა. საგადასახადო სამსახურის საგანგებოდ მოწვეული თანამშრომლის მოსმენა თელაველმა მოვაჭრეებმა არ ისურვეს: “ჩვენ აქ იმისთვის კი არ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გვითხრან სალარო აპარატების დადგმა აუცილებელიაო, ჩვენ სამართალი გვინდა ვიპოვოთ. ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩაცმაც, ჭამაც, განათლებაც და ნორმალური ცხოვრებაც.”
თელაველმა მოვაჭრეებმა პარლამენტში გასაგზავნი წერილი უკვე შეადგინეს. თელაველი მოვაჭრეები პროტესტს დღესაც აგრძელებენ, ხოლო მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.