საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლები გენერალურ დირექტორს დაუპირისპირდნენ
თბილისი.28.02.06.მედიანიუსი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორს თამარ კინწურაშვილის ყოფილი თანამშრომლები მაუწყებლობის მენეჯმენტის არასწორ მართვაში ადანაშაულებენ.
გუშინ სამსახური დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის იურიდიული განყოფილების თანამშრომლებმა. მათ საქართველოს პარლამენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მაუწყებლობის მუშაობის ექვსი თვის შედეგების გადამოწმებას ითხოვენ. „თამარ კინწურაშვილმა ელემენტარულად არ იცის მენეჯმენტი. მითუმეტეს, რომ ტელევიზია და რადიო შემოქმედებითი ორგანიზაციებია და აქ ვერტიკალური მენეჯმენტი დაუშვებელია“, - განაცხადა „მეორე არხის“ უკვე ყოფილმა გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ყოფილი თანამშრომლების მიმართვას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გამოეხმაურა.
„მე ამ წერილს გადავცემ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და ალბათ უპრიანი იქნება რომ ჩვენ დავნიშნოთ შეხვედრა ტელევიზიის საბჭოსთან, მოვისმინოთ, რა პრობლემები აქვთ და გადავდგათ ნაბიჯი, რომ პროფესიონალი კადრები არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან“, - განაცხადა ელენე თევდორაძემ.