კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ჩაქვში ნაღმზე აფეთქებულებს დაემუქრნენ

7 მარტი, 2006

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ჩაქვში ნაღმზე აფეთქებულებს დაემუქრნენ

2004 წლის 21 აგვისტოს დაბა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” ტერიტორიაზე ქვიშაში ჩამონტაჟებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა ავტომობილი, რის შედეგადაც ორმა ახალგაზრდამ ჯანმრთელობისა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უშიშროების სამინისტროს მიერ მეორე დღესვე აღიძრა საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა; მათი მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება).

მართალია, მაშინ რევოლუციით მოსული ხელისუფლება მთელი ბრალდების ტვირთს აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს აკისრებდა, მაგრამ საბოლოოდ, უშიშროების სამინისტრომ ვერ დაადგინა ვინ იყო ამ საქმეში დამნაშავე და ბრალდებულის დაუდგენლობის გამო საქმის წარმოება შეაჩერა. 

ნაღმზე აფეთქებით 22 წლის ვართაზარ ეგიზარიანმა ორივე ფეხი დაკარგა, აშოტ სურმალიანმა კი თვალი და ერთი ფეხი. მართალია, ვერ დადგინდა, ვინ იყო უშუალო დამნაშავე და ნაღმების უშუალო ჩამდები, მაგრამ  საქართველოს კონსტიტუციიდან და სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი.

ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, აჭარის უშიშროების მინისტრ აკაკი ცინცაძის მიერ გაზეთ “ალიასათვის” მიცემული ინტერვიუ, სადაც ის აღნიშნავს: „რევოლუციის შემდეგ, შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოლოქისა და სხვა სანაპირო ადგილებშიც დაახლოებით 128 ნაღმი ამოვიღეთ, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ნაღმის საგამოძიებო აპარატურა გარკვეულ სიღრმეებზე უძლურია.” ე.ი. იგი უშიშროების მინისტრი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ორგანოებისათვის ცნობილი იყო, რომ სასტუმრო “ოაზისის” მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა საშიშ ზონას. მიუხედავად ამისა, მათ არ ჩაუტარებიათ განაღმვითი სამუშაოები, არ მიუღიათ ადეკვატური ზომები მოსალოდნელი უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც,   სასტუმრო “ოაზისის” მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობდა შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერიტორიის სათანადოდ დაცვაზე. 

საქმეში მოიპოვება მტკიცებულება – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ვართაზარ ეგიზარიანს დაუდგინდა I ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.  სურმალიანს კი დაუდგინდა II ჯგუფის ინვალიდობა.

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს მოთხოვნილი არაქონებრივი (მორალური) ზიანი; გარდა ამისა, არსებობს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის  მიხედვით,  შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ევალება უზრუნველყოს აღნიშნული  კატეგორიის პირი მომვლელის მომსახურებით.

ეგიზარიანმა და სურმალიანმა  ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო წესით მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მორალური ზიანისა და მომვლელის ხარჯების ანაზღაურება. მოსარჩელე ეგიზარიანის ინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ იცავენ ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები ქეთევან მეხუზლა და ვანდა ჯიჯელავა. ადვოკატებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გასული წლის ივლისის თვეში. აღმაშფოთებელია, რომ ივლისის თვიდან დეღემდე, ადვოკატების მრავალი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ვერ მოახერხა აღნიშნულ საქმეზე პროცესის დანიშვნა, რითაც დაზარალებულს ადგება გამოუსწორებელი მორალური ზიანი.

უფრო მეტიც, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა  გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაბამისი სოციალური დახმარებები. უარის მიზეზი კი გახდა, რეპორტაჟი, რომელშიც დაზარალებულმა ეგიზარიანმა განაცხადა, რომ  სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვერ ახერხებს მისთვის სათანადო დახმარების გაწევას.

ამ სიუჟეტის ტელევიზიით გადაცემის შემდეგ, ინვალიდ ეგიზარიანს ტელეფონით დაუკავშირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანაშემწე მარინა ხიდაშელი და დაემუქრა, რომ მსგავსი რეპორტაჟის გამო, ის ვეღარ მიიღებდა სამინისტროდან შეპირებულ დახმარებას. მინისტრის თანაშემწეს დაავიწყდა, რომ ეგიზარიანზე გაცემული დახმარება არ იყო სამინისტროს გულმოწყალება.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოითხოვს შესაბამისი ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ მოხდეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ქმედებების კანონიერების შესწავლა,  სასწრაფოდ დაინიშნოს სასამართლო პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე და რადგან მოქმედი კანონმდებლობა ცხადყოფს მოსარჩელეების მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობასა და სახელმწიფოს სრულ პასუხისმგებლობას, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ვართაზარ ეგიზარიანს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.   

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები