კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მოსამართლეთა მასობრივი განთავისუფლებები და მათ მიმართ იუსტიციის საბჭოს მიერ დისციპლინური დევნა იწყება

13 მარტი, 2006

კახეთში მოსამართლეთა მასობრივი განთავისუფლებები და მათ მიმართ იუსტიციის საბჭოს მიერ დისციპლინური დევნა იწყება


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსამართლეთა დევნის პროცესმა თბილისიდან კახეთში გადაინაცვლა.

სავარაუდოა, რომ სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოს ოთხი მოსამართლის - სოსო ბეგიაშვილის, მაგული ღვალაძის, ნათელა ჯაშიაშვილისა და ნიკოლოზ ფურცელაძის მიმართ დისციპლინარული დევნა დაიწყება. 

სოსო ბეგიაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ამჟამად გასულია ბიულეტინზე:

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის კორესპონდენტი 6 მარტს 17 საათზე სოსო ბეგიაშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე, კვლავ ასრულებს თუ არა იგი სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბეგიაშვილმა გაანცხადა, რომ საუბარი არ სურდა.
- ბატონო სოსო, ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლეობიდან მიდიხართ, რა გახდა ამის მიზეზი?
- არაფრის თქმა არ მსურს.
- გვაინტერესებს, ვინმემ თუ მიგითითათ სასამართლოდან წასვლის შესახებ?
- არაფრის თქმა არ მსურს, რატომ დაინტერესდით ამ საკითხით, ან მარტო მე რად მირეკავთ? არაფრის თქმა არ მსურს. ჯერ არაფერი ვიცი რა მოხდება
სოსო ბეგიაშვილმა ტელეფონი გათიშა

როგორც სასამართლოში გვითხრეს, ბეგიაშვილს შემოწმებისას დარღვევები აღმოუჩინეს და მასზე, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით დისციპლინური დევნა აღძრეს. სასამართლოს თანამშრომელთა თქმით, ბეგიაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის სახელით თავდაპირველად თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ განცხადების დაწერაზე მიუთითეს, თუმცა მოგვიანებით მითითება შეცვალეს და მას ავადმყოფობის გამო ბიულეტინზე გასვლა შესთავაზეს, საიდანაც გავრცელებული ინფორმაციით, ბეგიაშვილი სასამართლოში აღარ დაბრუნდება.
 ამავე დროს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ უკვე დაინიშნა საოლქო პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი ხვიჩა კიკილაშვილი.

მაგული ღვალაძე – გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება ორჯერ აქვს დაწერილი:

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე მაგული ღვალაძემ თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნით პირველი განცხადება  იუსტიციის საბჭოს მიერ გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემოწმების შემდეგ დაწერა. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის საბჭომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ მოსამართლე მაგული ღვალაძის მიერ განხილული საქმეები შეამოწმა. ამის შემდეგ მას იბარებენ იუსტიციის საბჭოში და როგორც სასამართლოში შევიტყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ღვალაძემ ჩვენთან კონტაქტზე უარი განაცხადა, მის მიმართ აღძრეს დისციპლინური დევნა. მისი განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნით ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ მაგული ღვალაძის ადგილას გურჯაანის რაიონული პროკურატურის ერთ-ერთ პროკურორს ემზარ ჯიქურაშვილს ამზადებენ, რომელიც არ უარყოფს, რომ მოსამართლეთა გამოცდები ჩაბარებული აქვს.

ნათელა ჯაშიაშვილი – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – კვლავ თანამდებობაზეა:

ნათელა ჯაშიაშვილი უარყოფს, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს დისციპლინური დევნა აქვს აღძრული. როგორც მან "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აღნიშნა, არც განცხადება დაუწერია თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, თუმცა სანდო წყაროს ცნობით, იუსტიციის საბჭომ თანამდებობის დატოვებაზე მასაც მიანიშნა და მათ მოთხოვნას ჯაშიაშვილიც უახლოეს დღეებში გაიზიარებს. 

ნიკოლოზ ფურცელაძე - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე:

განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან განთავისუფლდება ასევე მცირე ხნის შემდეგ, ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვაჟა ტურაშვილი. ამ ინფორმაციას ის ჩვენთან საუბარში არ ადასტურებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც კახეთის რეგიონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი სტუმრობდა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი ამ ფაქტებთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

გელა მთივლიშვილი

მისამართი: გურჯაანი, 1500, ნონეშვილის გამზ. 14, III სართ.
ტელეფონი: ( 995 253) 2-22-11  8(93) 21-83-61
ელ-ფოსტა:   Gela_imedi@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.HumanRights.ge

ახალი ამბები