სამტრედიაში პოლიციამ რამდენიმე მოვაჭრე დააკავა
სამტრედია.15.03.06.მედიანიუსი. დღეს სამტრედიაში მოვაჭრეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მოხდა.
მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია სამტრედიის მერიის შენობის წინ გამართეს. ისინი სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენებისგან გათავისუფლებას და ფიქსირებული გადასახადის დაწესებას მოითხოვდნენ.
მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე გამგზავრების დროს ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზაც გადაკეტეს, რის შემდეგაც მერიის შენობასთან მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა გზა ძალის გამოყენებით გახსნა, ხოლო რამდენიმე მონაწილე დააპატიმრა.
სამტრედიის გამგებელი კახა უჯმაჯურიძე მოვაჭრეთა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოვაჭრეთა გამგზავრება არ შეუფერხებია.