კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს

31 მარტი, 2006

ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს

30 მარტს პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქცია დარბევის  გარეშე დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა მოთხოვნები შეცვალეს  და მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 6 ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები, პროფესორები და მოსახლეობის სხვა ფენები სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობენ და  მთავრობის კრიმინალებისაგან გაწმენდას ითხოვენ. 

აქციაზე დახლოებით 10 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ის 3 საათზე დაიწყო და რეგიონების მოსახლეობა საკუთარი პლაკატებით („სამეგრელო თქვენთანაა“, „ქვემო ქართლი გიერთდებათ“; „კახეთი აქ არის“)  შეუერთდა. ვინც თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ანალოგიური მოთხოვნებით აქცია რაიონებში გამართა. 30 მარტის აქცია ადრინდელისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ მას სტუდენტებიც უჭერდნენ მხარს. აქციაზე არაერთი კონკრეტული მოთხოვნა გაისმა. მათ შორის იყო: პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების ჩატარება, პრემიერ-მინისტრის გადაყენება, შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, უკანონოდ დაპატიმრებების მოსპობა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება.

მართალია, აქციის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმელებითა და შეიარაღებული პოლიციელებით იყო გადაჭედილი, მაგრამ მათი გამოყენება საჭირო არ გამხდარა.  აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეახსენეს და  6 საათისთვის დაიშალნენ.

სოსო შატბერაშვილი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი: „ადრე ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ სალარო აპარატების გაუქმება იყო. ახლა კი ამ მოთხოვნას  საზოგადოების ყველა ფენის დაკვეთა დაემატა. ესენი არიან მეცნიერებათა აკადემია, მხატვართა კავშირი, მწერალთა კავშირი, ექიმები, პედაგოგები, უნივერსიტეტი.  საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნაა - გადადგეს კორუმპირებული და მოღალატე ანტიქართული, ანტიხალხური და მარიონეტული ხელისუფლება. ხელისუფლებასთან დიალოგს ვითხოვდით, რაზეც სასტიკი უარი მივიღეთ.

მთავრობა საკუთარი ნებით რომ არ წავა, პატარა ბავშვისთვისაც კი ცნობილია.  ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხელისუფლების უცხოელი მფარველები დარწმუნდნენ, რომ მათი მოსვლა დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ფაქტორია.“

რაც შეეხება მეცნიერების მოთხოვნებს, რომლებიც აქციაზე პირველად გამოჩდნენ, ეს არის დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლები. შოთა ვაშაკიძე, მეცნიერი:  „საკვირველია, რომ მთავრობამ თავისი პოლიტიკით  მეცნიერების ასე გაერთიანება მოახერხა. ჩვენ გვინდა, მეტი ავტონომია ჰქონდეს მეცნიერებასა და განათლებას.

მეცნიერებას პროფესიონალი უნდა მართავდეს. ის ადმინისტრაციული მართვა, რომელიც დღეს არსებობს, დამღუპველია. აბსოლუტუდრად გაურკვეველია თუ რას ემსახურება მიმდინარე  რეფორმა.  საქართველოს მომავალი საფრთხის ქვეშ არის.“ 

რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, მხოლოდ მშვიდად ცხოვრების უფლებას ითხოვენ. ქეთევან ლომაძე: „მე მშრომელი ადამიანი ვარ. ამ მთავრობამ იმდენი ქნა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევრები და მშივრები დაგვტოვა. ესეც არ ეყოთ და ადამინებს ისე ხოცავენ, თითქოს საქონლები იყვნენ. არ შეიძლება ყველგან და ყველაფერში სპეცოპერაციის ჩატარება. რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჩახოცეს სპეცოპერაციებისას. ასეთ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. მშვიდ და კანონმორჩილ ქვეყანაში ცხოვრება მინდა. მიზნის მისაღწევად ხალხის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია.“

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ მთავრობის წევრთა სურათები და ვარდების რევოლუციის სიმბოლო - ვარდი შავ ლენტებში გაახვიეს და დაწვეს. მომავალი აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 26 მაისს დაიგეგმა. ამ დრომდე ოპოზიცია მთავრობას დასაფიქრებელ ვადას აძლევს. თავად კი რეგიონების შემოვლას და მოსახლეობის მობილიზებას აპირებს.

ეკა გულუა   

ახალი ამბები