კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნიაში თანამდებობები გუბერნატორის თარგზე იჭრება

27 ივნისი, 2006

გუბერნიაში თანამდებობები გუბერნატორის თარგზე იჭრება

ორი თვის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სამსახურიდან ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი იქნა დათხოვილი, იმით დამთავრდა, რომ პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ სამსახურიდან გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი ადრინდელ თანამდებობაზე დატოვა. თანამშრომელთა ნაწილის ვარაუდი რეორგანიზაციის ფორმალურობის თაობაზე უდაოდ გამართლდა, ხოლო რეფორმების მომხრეებს კითხვისნიშნები ნამდვილად გაუჩინა. გუბერნატორმა რეორგანიზაცია, როგორც ჩანს, კი გადაიფიქრა, მაგრამ გუბერნიის აქილევსის ქუსლის, თანამშრომელთა მიერ ინგლისური ენის არცოდნის შევსებას ერთი უწყინარი თანამდებობით შეეცადა.
  
ერთი კვირის წინ გამოცხადებული ვაკანსია - საინფორმაციო სამსახურის ახალი შტატი, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს: „მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი“, როგორც გავარკვიეთ, სულაც არ გულისხმობს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას; თურმე მას ძირითადად ენის სრულყოფილი ცოდნა მოეთხოვება და როგორც გუბერნიაში განგვიმარტეს, მედიასთან ურთიერთობას არასპეციალისტი, თუნდაც მექანიზატორის სპეციალობის მქონე პირიც შეძლებს(?!).
  
საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ლალი გელენავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე მისი მოსვლის დროს აუცილებელ მოთხოვნებში ინგლისური ენის ცოდნა არ იყო სავალდებულო (თუმცა, ეტყობა ავიწყდება, რომ რეორგანიზაცია სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო) და ვაკანსიაზე საბუთების შეტანის მსურველს საბუთების მოღებაზე პასუხისმგებელი პირის პოვნაში ეხმარება, თუმცა უშედეგოდ.
   
გუბერნიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას გვთხოვს, თვლის, რომ მათი „პირველი“ (ზაზა გოროზიას, გუბერნატორს გულისხმობს), თანამდებობას მასთან დაახლოებული პიროვნებების შესაძლებლობებს არგებს: „ჩვენი „პირველი“ ამ ადგილზე მაინცადამაინც ენის ცოდნას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მდივანმა და სამსახურის ხელმძღვანელმა არ იციან. წესით კი უნდა იცოდნენ. დაბალ თანამდებობაზე მაღალი მოთხოვნა გამართლებული არ არის, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, ალბათ“.
  
რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი მცდელობა, ტელეფონით დავკავშირებოდით პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზაზა გოროზიას, უშედეგოდ დასრულდა. ტელეფონს რწმუნებული არც კაბინეტში იღებს (როგორც გავიგეთ, აპარატს ზარი აქვს გაფუჭებული და რამდენიც არ უნდა რეკო ვერ გააგონებ) და არც მობილურ ტელეფონზე პასუხობს „უცხო“ ნომრებს (ჩანს, პრეზიდენტის დირექტივას, რომელიც მაღალჩინოსნებს ყველა სატელეფონო ზარებზე პასუხს ავალდებულებდა, ყავლი უკვე გაუვიდა).
 
გუბერნიაში ერთ კვირაში გაარკვევენ, თუ ვინ იქნება მათი რჩეული და თუ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა მოიცალა და ისინი დააკვალიანა, იმასაც მიხვდებიან, რომ თურმე თარჯიმან-რეფერენტს ეძებდნენ და უმუშევარი ჟურნალისტები დასაქმების იმედად სულ ტყუილად ააფორიაქეს.
 

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები