კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთარ კაბინეტში ნაცემი ლუიზა მესხია სამართალს ეძებს

14 ივლისი, 2006

საკუთარ კაბინეტში ნაცემი ლუიზა მესხია სამართალს ეძებს

28 ივნისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, საკუთარ კაბინეტში თხუთმეტამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა კოოპერატივ „რუხის“ თავმჯდომარე ლუიზა მესხია სოფლის მიწების უკანონოდ გასხვისებასა და ფულის აღებაში დაადანაშაულა, რის შემდეგადაც სამი მათგანი - შინო ფარცავნიამ, ზაირა ქათალანძემ და ლეილა თოდუამ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და კოოპერატივის ბეჭედი და სხვა პირადი ნივთები ჩამოართვეს.
  
სამი თანასოფლელისაგან ნაცემი კოოპერატივ „რუხის“ თავმჯდომარე ლუიზა მესხია მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ და მის მიმართ განხორციელებული სხვა პროვოკაციების უკან სოფლის გამგებელი, ბესიკ თოდუა დგას: „ის სამი ქალბატონი, რომელიც იმ დღეს ფიზიკურად შემეხო და ტელეკამერის წინ მიწების გამყიდველი მიძახა, თავად არიან კანონის დამრღვევები. მათ 2001 წლიდან მიიტაცეს, ამოძირკვეს და უკანონოდ მიითვისეს ჩაის პლანტაციები. სამივე ქალბატონი დანაშაულებრივ კავშირშია რუხის ახლანდელ გამგებელთან, ბესიკ თოდუასთან, რომელიც 1995 წლიდან ცდილობს ჩვენი კოოპერატივის გაკოტრებასა და მისი კუთვნილი ქონების მისაკუთრებას“.

ლუიზა მესხია აცხადებს, რომ მას ზეწოლისა და შეურაცყოფების გზით წლების მანძილზე აიძულებდნენ სოფლის, რაიონისა და რეგიონის ხელმძღვანელები კოოპერატივისათვის თავის დანებებას: „სამჯერ ავარიაც მომიწყვეს, მაგრამ გადავრჩი. სასამართლოს გზით ცდილობდნენ ჩემთვის მიწების მისაკუთრების დამტკიცებას, მაგრამ ვერ შეძლეს. მეტიც, გამგებელს მაშინ თავად მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა სასამართლოზე ყალბი დოკუმენტების წარდგენისათვის. ამიტომაც ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას“.
  
დაზარალებულს ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სახესა და ხელებზე ნათლად ატყვია. ის ვარაუდობს, რომ მოწინააღმდეგეები მის ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევენ უკან და აცხადებს, რომ ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტით მისმა მოწინააღმდეგეებმა გარკვეულწილად მოამზადეს საამისო ნიადაგი: „ჩემი ცემა ქალებმა მაშინ დაიწყეს, როცა ოთახში ჩართული კამერით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი შემოვიდა. ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ. ბოლომდე ვიბრძოლებ. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ამ სასამართლო პროცესსაც მოვიგებ, მართალი ვარ, მაგრამ მეშინია ფიზიკური ანგარიშსწორების. ჩემს წინააღმდეგ ნარკომანები და ხალხის მყვლეფავები იბრძვიან. მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. მე კი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ“.
 
ლუიზა მესხია აცხადებს, რომ სოფლის გამგებელი და მისი თანამოაზრეები კოოპერატივის გაკოტრებასა და ქონების დატაცებას წლების მანძილზე ყველა საშუალებებით ცდილობენ. იგი თანადგომასა და ამ საკითხით დაინტერესებას ყველა ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციასა და სტრუქტურას სთხოვს.

ბესიკ თოდუა, სოფელ რუხის გამგებელი საკუთარ მონაწილეობას მოცემულ დაპირისპირებაში კატეგორრიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრით მხოლოდ გამგებლის პოზიციიდან არის დაინტერესეული: „მოსახლეობა აბსოლუტურად მართალია, კოოპერატივს მიწები იჯარით კარგა  ხანია აღებული აქვს. ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ისინი დიდი ხანია არ იხდიან მიწის გადასახადას, დავალიანება 200 000 ლარზე მეტია და მათი იჯარა ჩაის პლანტაციებზე გაუქმებულია და პრივატიზებას ვერ ახერხებენ“.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები