კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

18 ივლისი, 2006

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

თბილისი, 18 ივლისი, 2006. გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს არასრულწლოვანი მოზარდის, გიორგი ზერეკიძისათვის, 10 წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და სურს განაცხადოს შემდეგი:

1994 წლიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციას და ვალდებულია აღიაროს ის საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები, რომლებიც არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციას ეხება. კერძოდ, ეს საერთაშორისო სტანდარტებია:
• ბავშვთა უფლებათა კონვენცია (1989წ);
• გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციის მინიმალური სტანდარტული წესები (პეკინის წესები) (1985წ.)
• გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვნებთან მოპყრობის წესები (1990)
• გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის პროფილაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები (ერ-რიადი) (1990წ.)
• გაეროს რეზოლუცია 1997/30 - არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაცია, ე.წ. ვენის სახელმძღვანელო პრინციპები (1997).

საერთაშორისო სტანდარტები აწესებენ შემდეგი სახის მოთხოვნებს არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციასთან მიმართებაში:

- არასრულწლოვანთათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს ძალზე დაბალი მოზარდის ემოციური, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი განისაზღვრება 14 წლით ნებისმიერი სახის დანაშაულისათვის, რის შედეგადაც მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი ბავშვები საკმაოდ მკაცრად ისჯებიან და ხვდებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ეს უმძიმეს დარტყმას აყენებს მოზარდის ფსიქიკას, მის განვითარებას და არანაირად არ უწყობს ხელს მის შემდგომ რეაბილიტაციას.  

- არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაცია განსაკუთრებული კომპეტენციისა და კვალიფიკაციის კადრებს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებისათვის სპეციალური მომზადების აუცილებლობას, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოს სასამართლოს პრაქტიკაში თითქმის არ გამოუყენებიათ ბავშვის უფლებათა კონვენცია და ის საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები, რომლებიც არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციას ეხება.

- ბავშვებს, რომელთაც ბრალად სამართლის დარღვევა ედებათ, აქვთ უფლება ისეთ მოპყრობაზე, რომლითაც სრულად იქნება გათვალისწინებული მათი ასაკი, გარემოებანი და მოთხოვნილებანი. გარდა ამისა, სამართლებრივი ზემოქმედების ზომები ყოველთვის უნდა იყოს თანაზომადი და ადექვატური არა მარტო სამართალდარღვევის გარემოებებსა და სიმძიმესთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან, აგრეთვე საზოგადოების მოთხოვნილებებთან.

- არასრულწლოვნის მოთავსება რომელიმე გამასწორებელ დაწესებულებაში ყოველთვის უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მინიმალურად აუცილებელი დროის განმავლობაში. სამწუხაროდ, საქართველოში არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულია არა როგორც უკიდურესი ზომა, არამედ გამოიყენება მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაშიც და საკმაოდ გავრცელებულია, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს.

- განსაკუთრებული შეშფოთების საგანია არასრულწლოვანთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მზარდი შემთხვევები, რაც ასევე ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა სამართლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების პრინციპებსა და სულისკვეთებას.

- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოს პროგრესული საკანონმდებლო თეორიისა და პრაქტიკის თანახმად, ბავშვები, რომელთაც დაარღვიეს კანონი, მოიაზრებიან მსხვერპლად და არა დამნაშავეებად. მათი ასაკიდან გამომდინარე ისინი საჭიროებენ დაცვას, ზრუნვასა და განსაკუთრებულ მოპყრობას. სწორედ ამიტომაა, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში ხაზგასმულია არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების ცალკე სისტემის შექმნის, სპეციალური სასამართლოებისა და განსაკუთრებული პროცედურების შემუშავების აუცილებლობა.

იმედი გვაქვს, საქართველოს სამართალდაცვითი ორგანოები გაითვალისწინებენ ზემოაღნიშნულს გიორგი ზერეკიძისა და სხვა არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების შემთხვევაში. საქართველო, როგორც უკვე აღინიშნა, მიუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას, რითაც თავის თავზე აიღო ვალდებულება დაიცვას საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ნორმები და სტანდარტები არასრულწლოვან დამნაშავეებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად კი, “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ”. 

ახალი ამბები