არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრები სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს
თბილისი.19.07.06.მედიანიუსი. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრები არ შეუშვეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის“ წევრმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, „მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, შევეშვით სააპელაციო სასამართლოს ეზოში, მანდატურებმა კარები ცხვირწინ მიგვიხურეს. ისინი ხალხს გადარჩევით, მხოლოდ სასამართლოს თანამშრომლებს უშვებდნენ“.
არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის წევრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში ამჟამად დაპატიმრებული ირაკლი კაკაბაძისა და „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრების მხარდასაჭერი აქციის გამართვას აპირებდნენ.
ამასთან, არასამთავრობოთა აქციის მიზანი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში ე.წ. ექსპერიმენტის ჩატარება; კერძოდ ისინი აპირებდნენ, გაემეორებინათ ზუსტად ისეთივე აქცია, რომელიც რამდენიმე დღის წინათ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებმა გამართეს და ამის გამო ირაკლი კაკაბაძეს და მის რამდენიმე თანამოაზრეს სასამართლომ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
არასამთავრობოების დღევანდელი აქციის მიზანიც ის იყო, თუ როგორ მოიქცეოდა სასამართლო მათ შემთხვევაშიც.