კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ენგურის ხიდზე

28 სექტემბერი, 2006

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 13 წლისთავზე, მდინარე ენგურის მთავარ ხიდზე, რომელიც აკავშირებს გალისა და ზუგდიდის რაიონებს,  მშვიდობიანი აქცია ჩატარდა. აქციაში 200მდე ადამიანი მონაწილეობდა.
 
ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი მამა კონსტანტინე, მასთან ერთად თბილისიდან ჩამოსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები (იუდეველები, მუსულმანები), საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, ზვ. გამსახურდიას მომხრეები, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მრევლი 15 სააათზე უკვე ენგურის ხიდზე იყო. აქციის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ გადასვლა აფხაზეთში და ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში პარაკლისის გადახდა. ლოთი ქობალიამ და მამა კონსტანტინემ  წინა დღით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 27 სექტემბერს ისინი აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას მშვიდობიანი მისიით. ამ მიზნით, მათ მიმართეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს გალის რაიონში რუსლან ქიშმარიას და სთხოვეს გადასვლის ნებართვა. როგორც ლ. ქობალიამ განაცხადა, აფხაზებს უარი არ უთქვამთ, თუმცა ქიშმარიამ განუმარტა მათ, რომ ამისათვის სოხუმის ნებართვა იყო საჭირო.

ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მრევლის გარკვეული ნაწილი. მათ ხიდამდე მიაბრძანეს ხელთუქმნელი მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხატის ასლი (ანჩისხატი). ხატი იმ დილით დააბრძანეს ზუგდიდის ვლაქერის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში და იმ დღესვე წირვა-ლოცვა აღავლინა ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმემ. უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე გერასიმე და ეპარქიის სამღვდელოება არ მონაწილეობდა ენგურის ხიდზე გამართულ აქციაში.
 
ენგურის ხიდზე მისულთ, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ რუსეთის სამშვიდობო ძალების 301-ე პოსტის ჯარისკაცებისა და გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლების მხრიდან. მათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასტიკად აუკრძალეს არათუ აფხაზურ მხარეს გადასვლა, არამედ უბრალოდ რუსეთის სამშვიდობოთა შლაგბაუმის გადალახვაც კი.
 
ამ ფაქტის გამო, მამა კონსტანტინემ და ლ. ქობალიამ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს: „აი აქ გამოჩნდა, თუ ვის არ უნდა ჩვენი შერიგება აფხაზ ძმებთან, აი ვინ არის ხელისშემშლელი სამშვიდობო პროცესებისა. ჩვენ რომ შევრიგდეთ, ისინი აქ ვეღარ დადგებიან და დოლარებს ვეღარ მიიღებენ”. მართალია აფხაზეთში ვერ გადავიდნენ, მაგრამ იქვე, ენგურის ხიდზე გადაუხადეს პარაკლისი აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები