თბილისი.31.10.06.მედიანიუსი. დღეს, გამთენიისას ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯავის რაიონის სინაგურის მთებში ოთხი ქართველი ჯერ აწამეს და მერე დახვრიტეს.
როგორც 'მედიანიუსს' ცხინვალის რეგიონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, აბსოლუტური დეზინფორმაციაა სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველები ჯავის რაიონში დივერსიული აქტების განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ და ისინი ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლებთან შეტაკებისას მოკლეს.
ინფორმირებული წყაროს მტკიცებით, ქართველები ცხინვალის რაიონის ოსურ სოფელ ქემერტში ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდნენ და სწორედ აქედან გაიტაცეს ისინი ჯავის მიმართულებით ოსური შეიარაღებული ფორმირების წევრებმა. ქართველებს იარაღი არ ჰქონდათ.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებამ ქართველები პირადი ანგარიშსწორების მიზნით დახვრიტა.
დასახვრეტის ადგილას კი სინაგურის მთები იმიტომ შეარჩიეს, რომ ეს ტერიტორია არ მიეკუთვნება ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის და სამშვიდობო ძალების პატრულირების რაიონს.