თბილისი.01.11.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეტერანთა დარბაზის” შვიდი წევრი საპატრულო პოლიციამ დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ, შიმშილობის მე-6 დღეს დააკავა.
როგორც “მედიანიუსს” ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა დავით გურიელიძემ უთხრა, სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობის აქცია მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის, ძალოვანი სტრუქტურების, ავღანეთის ომის ვეტერანებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური შეღავათების აღსადგენად იმართებოდა.
“ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების აღდგენა. ასეთი ოჯახები ყოველთვიურად 40-60 ლარს იღებდნენ. თუმცა, 2006 წლის იანვრიდან ეს შეღავათი გაუქმდა. ჩვენი მოთხოვნაა ოჯახის თითო სულს ყოველთვიურად 50 ლარი დაენიშნოს. ასევე ვითხოვდით ვეტერანთა ჰოსპიტლის ყოველთვიური სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას. იგი ამჟამად 450 ათასი ლარით ფინანსდება, რაც ჩვენი აზრით, ერთ მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს. შემდეგი მოთხოვნა იყო ასევე ვეტერანთა რეაბილიტაცია-დასაქმება და ვეტერანთა დასაქმების პროგრამების დაფინანსების აღდგენა, რომლებიც 2006 წლიდან აღარ ფინანსდება”, - განაცხადა დავით გურიელიძემ.
მისივე თქმით, “ვეტერანთა დარბაზის” დაკავებული წევრები ამჟამად საპატრულო პოლიციის ნარკოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებიან. მათი დაკავების მოტივი ორგანიზაციის წევრებისათვის ჯერჯერობით უცნობია.