კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს რეზოლუცია „ცხელ წერტილებში“ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ

26 დეკემბერი, 2006

გაეროს უშიშროების საბჭომ 23 დეკემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია №1738, რომელშიც კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტებზე წინასწარგანზრახული  შეირაღებული თავდასხმები დაგმო და კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა უარი თქვან ასეთ ქმედებებზე.

რეზოლუციაში „სამხედრო დანაშაულადაა“  შეფასებული „ცხელ წერტილებში“, სამოქალაქო პირების - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლებისა და მათთან დაკავშირებული პეროსანალის  მკვლელობები.

ამასთან დაკავშირებით, უშიშროების  საბჭოს მოთხოვნით, შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რათა დაიცვან სამოქალაქო პირები შეიარაღებული ზემოქმედებისაგან.  გაერო ასევე  ხაზს უსვამს სახელმწიფოების პასუხისმგებლობას ამ საკითხთან  დაკავშირებით, ისევე, როგორც მათ ვალდებულებას, რომ შეწყვიტონ დაუსჯელობა და გამოიყენონ სასამართლო მექანიზმები  სერიოზულ ძალადობებზე  პასუხისმგებლების წინააღმდეგ.

უშიშროების საბჭომ  გაეროს გენერალურ მდივანს დაავალა, კვლავ ჩართოს საკუთარ მოხსენებებში,  შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში   ჟურნალისტთა  უსაფრთხოების საკითხი.

გაეროში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის ჟან-მარკ დე ლა საბლიერის განცხადებით, 2006 წელს  მედიის  75 თანამშრომელი მოკლეს. ნიუ-იორკის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მონაცემებით, 2006 წელს  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 55 ჟურნალისტი დაიღუპა (2005 წელს - 47), აქედან 32 ერაყში „მიზანმიმართულად მოკლეს“   (2003 წლის მარტიდან ამ ქვეყანაში  მიმდინარე  მოვლენების გაშუქებისას 92 ჟურნალისტი დაიღუპა). 3-3 ჟურნალისტი მოკლეს ავღანეთსა და ფილიპინებში, 2 რუსეთში, კოლუმბიაში, მექსიკასა და პაკისტანში.         

გაზეთების გამომცემელთა მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ძალადობის შედეგად,  2006 წელს, 105 ჟურნალისტი დაიღუპა. ამ მხრივ, განვლილი წელი  „რეკორდულია“ 2004 წელთან შედარებით - ორი წლის წინ, 72 ჟურნალისტი მოკლეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი სრულიად იზიარებს გაეროს ხსენებული რეზოლუციის სულისკვეთებას. „ჟურნალისტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცულნი სამხედრო ზემოქმედებისაგან „ცხელ წერტილებში“  და მათ ისეთივე სტატუსი უნდა გააჩნდეთ, როგორც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს“,- თქვა გაბაშვილმა.

რადიო „თავისუფლების“ გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური კი აცხადებს, რომ ქართულ-ოსური  კონფლიქტის ზონაში  მუშაობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ჟურნალისტებს ხშირად უხდებათ დანაღმულ ტერიტორიებზე სიარული.

„მაგალითად, 2004 წლის ბოლოს, როდესაც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად  იყო დანაღმული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  ოპერატორი ლევან დგებუაძე გაბმულ ნაღმზე აფეთქდა,“ – თქვა აფციაურმა.
ჟურნალისტი ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც 2004 წლის აგვისტოში, ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიტის გამწვავების დროს, სოფელ ერედვში გადასული ოსი ეროვნების ოპერატორი ადგილობრივმა მოსახლეობამ სასტიკად სცემა და ვიდეოკასეტები წაართვა.

გოგა აფციაურის თქმით, რისკს ზრდის ის გარემოება, რომ ქართველ ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონის ქართულ დასახლებულ პუნქტებში - დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში -  დღესაც დანაღმული შემოვლითი გზით  უხდებათ სიარული.

ანალოგიური რისკის ქვეშ დგებიან  რუსეთიდან როკის გვირაბით შემოსული რუსი ჟურნალისტებიც, რადგან ისინი ჯავის რაიონიდან შემოვლითი გზით მიდიან ცხინვალში, ამ გზაზე კი, გარდა იმისა, რომ ის დანაღმულია, ხშირია თავდასხმები.

გოგა აფციაური ასევე აცხადებს, რომ ქართველ ჟურნალისტებს პრაქტიკულად აღარ უშვებენ  ცხინვალში და აღარც აკრედიტაციას აძლევენ. „თუ ჟურნალისტები  მოახერხებენ და აკრედიტაციის გარეშე შევლენ ცხინვალში, მათ უმალ აკავებენ და  აყოვნებენ  ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები  და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ უკან აბრუნებენ“, თქვა აფციაურმა.


        წყარო: media.ge

ახალი ამბები