კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმე გუბერნატორის მიერ წართმეულ მოსავალს ითხოვს

27 თებერვალი, 2007

გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის მოიჯარეს ნოდარ მაისურაძეს გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან მის სახელზე რიცხული 230 ჰა მიწის იჯარის გადასახადის თაობაზე შეტყობინება მიუვიდა. მეწარმის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 2006 წლის გადასახადელმა თანხამ 9 000 ლარი შეადგინა.

აღნიშნული თანხის გადახდა მეწარმეს არ შეუძლია იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის განმავლობაში მის მიერ 230 ჰა-ზე მოწეული ხორბალი გუბერნატორ მიხეილ ქარელისა და რაიონის ყოფილი გამგებლის ნუკრი პაპუნაშვილის მიერ წაქეზებულმა ხალხმა დაიტაცა. ხორბლის დატაცება სოფელშივე არსებულ სახელმწიფო საწარმო შპს ,,სალთვისი 2"-ის ხელმძღვანელების და მათი ტექნიკის მეშვეობით მოხდა. როგორც წინასწარი გამოძიების დროს ქვემო ხვითში მცხოვრებმა, შპს ,,სალთვისი 2"-ის დირექტორის მოადგილემ თემურ ბითაძემ განაცხადა:  ,,2005 წლის გაზაფხულზე სოფელში მოვიდა პარლამენტართა ჯგუფი, რაიონის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში. მათ სოფლის მოსახლეობას განუმარტეს, რომ ნოდარ მაისურაძეს იჯარა ფაქტიურად გაუქმებული ჰქონდა და რომ აღნიშნულ მიწაზე მას არანაირი უფლება აღარ ჰქონდა. ხალხმა ჩათვალა, რომ ნოდარ მაისურაძე ამ დროისათვის მიწას უკანონოდ ფლობდა, რის გამოც მოსახლეობამ ხორბლის მოსავალი თვითნებურად აიღო."

ხორბლის დატაცება 2004 - 2005 წლების ზაფხულში მოხდა. 2004 წელს და 2005 წელს მოწეული ხორბალი პოლიციელების თვალწინ მიიტაცეს. მოიჯარე ნოდარ მაისურაძეს კვლავწარმოებისთვის არც ერთი კილოგრამი ხორბალი არ დაუტოვეს. დღეს კი სახელმწიფო მის რიცხულ იჯარაზე დაკისრებულ გადასახადს სთხოვს.

ნოდარ მაისურაძე, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ორგანიზაციის მეშვეობით და დახმარებით, საოლქო საგადასახადო ინსპექციას აღნიშნული გადასახადის გადავადების თხოვნით მიმართავს, ვიდრე მისი იჯარიდან მიტაცებულ ხორბალს მიმტაცებლები არ დააბრუნებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ორგანიზაცია პრესკონფერენციას მოიწვევს მოთხოვნით  - დროულად დაისაჯონ ის თანამდებობის პირები, ვინც ქვემო ხვითის მოსახლეობის ერთი ნაწილი  წააქეზა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გორის რაიონულმა პოლიციამ წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით ანუ ,,თვითნებობის"  მუხლით განახორციელა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილმა თვითნებურად გუბერნატორისა და რაიონის გამგებლის წაქეზებით აიღეს ხორბალი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" ასევე ხელთ აქვს ვიდეო და აუდიო მასალა სოფელში გუბერნატორის, რაიონის ყოფილი გამგებლის ვიზიტის შესახებ, სადაც ნათლად ჩანს მიხეილ ქარელისა და გამგებლის მიერ ხალხის წაქეზების ფაქტი.

ნოდარ მაისურაძე აცხადებს, რომ იჯარის ფლობის 8 წლიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არც ერთი თეთრი დავალიანება არ ჰქონია. ამასვე ადასტურებს საგადასახადო ინსპექციიდან გაცემული ცნობები.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ ქვემო ხვითში არსებული სიტუაციის გამო, რაც მეწარმის შევიწროებით გამოიხატება და ასევე იქ არსებული სახელმწიფო საწარმო შპს ,,სალთვისი 2"-ის განადგურებით, რითაც სახელმწიფოს, გუბერნატორის ,,მცდელობით" მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. უნდა აღნიშნოს, რომ 2 წლის განმვალობაში სოფელში სოფლის მეურნეობის აღნიშნული დარგი მიწასთან გასწორდა და 450 ჰა მიწის ფართობი საძოვრებად იქცა და ეკალმა გადაურა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები