აფხაზების მიერ კონფლიქტის ზონიდან გატაცებული სამი ქართველი სტუდენტიდან ამ დროისათვის ერთი გალის, ორი კი სოხუმის მილიციაშია მოთავსებული.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის გალის მიმართულების კორდინატორის მოადგილის პაატა შამუგიას ინფორმაციით, სტუდენტებს ცეცხლი ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან დაბრუნებისას გაუხსნეს. სამი სტუდენტი ლევან რიგვავა, ივერ ყორშია და კობა ბაჭავა აფხაზებმა სოფელ თაგილონში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
როგორც შამუგიამ „მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ დროისათვის აფხაზებმა თითქმის ყველა სოფელში დამატებითი ძალები, დაახლოებით 20-20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფები შეიყვანეს.
წყარო: Media.ge