შიდა ქართლის კულტურის სამმართველოს უფროსი რობერტ მაღლაკელიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სერგი მაკალათიას სახელობის გორის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და თანამშრომლებს დაბალი ხელფასები აქვთ, დეზინფორმაციას უწოდებს.
ადგილობრივი ტელეკომპანიის ინფორმაციის მიხედვით, ,,მუზეუმის უკეთ ფუნქციონირებისათვის ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი სამუშაო, შენობის მარცხენა ფლიგელი მთლიანად გასაკეთებელია, რისი გაკეთების შემდეგაც ვარაუდობენ უფრო მეტი დამთვალიერებლის მოზიდვას,” – ამის შესახებ ,,თრიალეთის” საინფორმაციო გადაცემის ეთერით ითქვა.
რობერტ მაღლაკელიძე, კულტურის სამმართველოს უფროსი: „ეთნოგრაფიულ მუზეუმს არაფერი აქვს საპრეტენზიო. ხელფასებიც მომატებული აქვთ და რემონტიც კეთდება. მუზეუმში ნამდვილად კარგი პირობებია და ნელ-ნელა კიდევ უფრო უკეთესი იქნება. რემონტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და რამდენიმე საექსპონატო დარბაზი გაკეთდა.”
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ფაქტია, რომ მუზეუმის თანამშრომლებს ჯერ კიდევ 35 ლარი აქვთ ხელფასი. ასევე ასაღები აქვთ 1998-2000 წლების გაუცემელი ხელფასი. ჩამონგრეულია შენობის მარცხენა ფლიგელი.
საბა წიწიკაშვილი, გორი