სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ კობა ღაჭავას, ივერი ყორშიას და ლევან რიგვავას სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება.
ექსპერტ პაატა დავითაიას განცხადებით, ახალგაზრდებს აფხაზური კანონმდებლობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. მისივე აზრით, დაახლოებით ორი თვის შემდეგ დაიწყება მათ გათავისუფლებაზე ლაპარაკი, რადგან ამ ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურებიან.
პაატა დავითაიას შეფასებით, უკანონობაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არარსებული საზღვრის გადაკვეთაში სდებენ ბრალს და „განგაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ კუთხით უნდა ატეხონ.“
ახალგაზრდების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პირველ მარტს გალელი პატრიოტები სოფელ თაგილონიდან ქართველ ჟურნალისტებთან შესახვედრად გადმოვიდნენ. დაბრუნებისას აფხაზურმა მხარემ მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, რომელმაც უკან დაბრუნება მოახერხა. დანარჩენი სამი ახალგაზრდა კი აფხაზურმა პოლიციამ დააპატიმრა.
წყარო: მედიანიუსი