კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი: კოკოითის ავტორიტარულ ე.წ. მმართველობას მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს არასამთავრობო სექტორი

26 აპრილი, 2007

სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ე.წ. „ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის“  წარმომადგენელი ირინა გაგლოევა საკუთარი ნება-სურვილით წყვეტს ჟურნალისტების შეშვების საკითხს ცხინვალის რეგიონში, მოითხოვს აკრედიტაციას როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის წარმოამადგენლებისგან.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ  სუბარის „საანგარიშო მოხსენებაში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2006 წლის მეორე ნახევარი“, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს განიხილავს.

დოკუმენტში  მიმოხილულია სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების,  პრესისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2006 წლის აპრილში, დამოუკიდებელი ტელევიზია „ალანიას” გასართობ გადაცემაში გამარჯვებული ოსი ეროვნების ორი გოგონა ლუდა ბესტაევა და ალბინა ფარასტაევა ტელევიზია „ალანიამ“ სტუმრად მიიწვია  თბილისში. „ცხინვალის რეგიონში დაბრუნებისას, ე.წ „სამართალდამცავებმა“ გოგონებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. დე-ფაქტო ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტი ოსი ხალხის შეურაცხყოფად ჩათვალა და გოგონები ერის მოღალატეებად გამოაცხადა“.

ამასთან, სუბარი აღნიშნავს იმ ფაქტსაც,  რომ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მთავრობა პერიოდულად ახშობს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ალანიას” სიხშირეს (ვრცელდება ცხინვალის რეგიონში), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეთერში საინფორმაციო ან ანალიტიკური გადაცემები გადის.

კოკოითის ავტორიტარული ე.წ. მმართველობის პირობებში ცხინვალის რეგიონში არ ჩამოყალიბებულა საზოგადოებისა და პიროვნების ინტერესების დამცველი არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი. პოლიტიკური პროცესებიდან საზოგადოება
სრულიად იგნორირებულია, ფორმალურ ხასიათს ატარებს ადამიანის უფლებების საკითხებში „პრეზიდენტის“ რწმუნებულის ინსტიტუტი, ნათქვამია მოხსენებაში.

სუბარის ინფორმაციით, კოკოითს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს არასამთავრობო სექტორი და სრულიად აკონტროლებს მის საქმიანობას. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დღესდღეობით მხოლოდ ხუთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა მოქმედებს. განსხვავებული მოსაზრებების გამო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – თემურ ცხოვრებოვი და ალან ჯუსოევი კოკოითმა მოღალატეებად გამოაცხადა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ  2006 წლის 10 მაისს, სტუდენტებთან და პენსიონერებთან კოკოითის შეხვედრის დროს დასმული ,,არაკორექტული” კითხვების გამო, ცხინვალის უნივერსიტეტიდან გარიცხეს ოსი ეროვნების სტუდენტი, რომელიც მოგვიანებით ,,სუკის“ თანამშრომლებმა დააკავეს. შეხვედრის დროს სტუდენტმა აღნიშნა, რომ რუსი მომღერლის (აბრამ რუსოს) ჩამოყვანაზე დახარჯული თანხა (15 000 აშშ დოლარი) უმჯობესი იქნებოდა დახარჯულიყო პენსიონერებზე და საბავშვო ბაღების შეკეთებაზე.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები