კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ამნისტიისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება ხელისუფლებისადმი

7 ივნისი, 2007

საერთაშორისო ამნისტია და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად დაამტკიცოს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა

ერთი წლის წინ, 2006 წლის 9 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ (ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი), რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისა და მისი პრევენციისათვის საჭირო ზომების სამოქმედო გეგმა (სამოქმედო გეგმა) 2006 წლის 9 ოქტომბერს. რვა თვის შემდეგ ის ჯერ არ არის დამტკიცებული. ამ განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად დაამტკიცოს და შეასრულოს სამოქმედო გეგმა.

ათასობით ქალი საქართველოში სისტემატურად ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მათ სცემენ, აუპატიურებენ და ზოგჯერ კლავენ კიდეც. ოჯახში ძალადობის სხვა ფორმები მოიცავს ეკონომიკური სახსრების შეზღუდვას, სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას. ძალადობა ოჯახში ხშირად მიმართულია მოხუცებულებისა და ბავშვების მიმართაც. ხელისუფლება აღიარებს ამ პრობლემას მაგრამ მასთან საბრძოლველად საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა.

დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი  ოჯახში ძალადობის შესახებ. მისი ერთერთი მიზანია უზრუნველყოს “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლიანობის ხელმისაწვდომობა”. კანონმა საქართველოს კანონმდებლობაში პირველად განსაზღვრა ოჯახში ძალადობის ცნება და შექმნა სამართლებრივი საფუძველი დაცვისა და შემაკავებელი ორდერების გაცემისათვის. მან ასევე დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი თავშესაფრები და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები 2008 წელს უნდა გაიხსნას.

გარდა ამისა, კანონმა ხელისუფლებას დააკისრა ვალდებულება, დაემტკიცებინა სპეციალური გეგმა, რომელიც გაწერდა კანონის შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, კანონის გამოქვეყნებიდან ოთხი თვის განმავლობაში – ანუ 2006 წლის 9 ოქტომბრამდე. ამ ფონზე შეიქმნა 2006-2008 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მასში განისაზღვრა ვადები, რომელშიც უნდა შესრულდეს ღონისძიებები და დაკონკრეტდა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სახელისუფლებო ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იქნებოდნენ პასუხისმგებელნი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დამატებითი საკანონმდებლო ბაზის და საბიუჯეტო ცვლილებების სფეროებში.

წინამდებარე განცხადების ხელმომწერნი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სამოქმედო გეგმის დღემდე დაუმტკიცებლობამ დააყოვნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მტკიცე ნება, რომ შეებრძოლოს ოჯახში ძალადობას 

•        ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისა და მისი პრევენციისათვის საჭირო ზომების სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტის დროულად დამტკიცებით და მისი შესრულების დროულად დაწყებით;
•        ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურის – მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მის შესასრულებლად დროული ნაბიჯების უზრუნველყოფით.

ზოგადი ფონი:
თუმცა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის თანახმად ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს ოჯახში ძალადობის აღრიცხვა, ჯერაც არ არსებობს სრული სტატისტიკური ინფორმაცია ამ საკითხზე. 2006 წელს გამოქვეყნებული კავკასიის ქალთა არასამთავრობო კვლევისა და საკონსულტაციო ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 5.2 პროცენტი განიცდიდა ხშირ ფიზიკურ ძალადობას პარტნიორის მხრიდან, რაც ემატება გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევების მიერ მოძიებულ ცნობებს 1999 და 2005 წლებში, რომლის თანახმადაც ქალთა ხუთი პროცენტი აცხადებდა ფიზიკური ძალადობის შესახებ.

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელისშემშლელ პირობებს შორის არის დამნაშავეთა ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობა და არასაკმარისი საშუალებები მსხვერპლთა დაცვისათვის – როგორებიცაა დროებითი თავშესაფრები და ადექვატური, უსაფრთხო საცხოვრებელი და საკმარისი რაოდენობით კრიზისის ცენტრები.

ოჯახში ძალადობა მკვეთრად ზღუდავს ადამიანის უფლებების ფართო სპექტრს -  მაგალითად, ფიზიკური და მენტალური სრულფასოვნების უფლებას, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ჯანმრთელობის და ზოგჯერ სიცოცხლის უფლებას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დაუყოვნებელი ნეგატიური შედეგების გარდა, ასეთ ძალადობას სავალალო გავლენა აქვს მთლიანად საზოგადოებაზე.

საქართველო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებების წევრია, რომლებიც ავალდებულებენ სახელმწიფოს, დაიცვას, პატივი სცეს და უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების უფლებები. ამგვარად, საქართველო ვალდებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედოს შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოს და გამოიძიოს ოჯახში ძალადობის შემთვევები და მოძალადეები დასაჯოს, ხოლო მსხვერპლთათვის უზრუნველყოს დაცვა და რეპარაცია – კომპენსაციის ჩათვლით.

კავშირი “საფარი”
კავკასიის ქალთა ქსელი
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
საერთაშორისო ამნისტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”
ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი"
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ქალთა ცენტრი

ახალი ამბები