„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, კახეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებს, თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო, მოქალაქეთა მასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის მიერ, კახეთის რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურების თანამშრომლებს ურთიერთობა აეკრძალათ იმ მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებენ. ინტერვიუს ან კომენტარის მიცემის შემთხვევაში კი თითოეული მოხელე მკაცრად ისჯება.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დღესაც დაფიქსირდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ხელმძღვანელობდა, გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატს თინათინ ზარდიაშვილს, პირდაპირ განუცხადა, რომ მას ვერ მიიღებდნენ სოციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, იმ მიზეზით, რომ მცირე ხნის წინ, ჟურნალისტებს კომენტარი მისცა მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტზე, რაზედაც ამჟამად პროკურატურა ძიებას აწარმოებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ცენტრი მაღალჩინოსნების მხრიდან მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლას აფასებს გამოძიებაში ხელის შეშლად, რის გამოც მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ სასწრაფოდ გატარდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მონიტორინგის შედეგებს ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი