კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიებამ მსოფლიო ჩემპიონის ხელმოწერა გააყალბა

18 ივლისი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დახმარებისათვის ადვოკატმა ზაქარია ბუთიაშვილმა მიმართა. იგი ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მცხოვრები 20 წლის მერაბ ვარდიაშვილის ინტერესებს იცავს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაყალბებული მასალების საფუძველზეა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა შესაძლებლობების ფარგლებში შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ყვარლის რაიონულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

სამართალდამცავებმა მერაბ ვარდიაშვილი 2007 წლის 20 აპრილს, თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას დააკავეს. ვარდიაშვილი ხარკოვიდან დაბრუნდა, სადაც ნათესავის დახმარებით ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში ფიზიკურად მუშაობდა. მისთვის უცნობი იყო, რომ იძებნებოდა. სამართალდამცავებმა მას ბრალი სსკ-ის 178-ე მუხლის II და III ნაწილებით წაუყენეს, რაც თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კერძოდ, ვარდიაშვილს ბრალი ედება შს თელავის სამმართველოს ნაფარეულის პოლიციის ქვეგანყოფილების მორიგე ინსპექტორის, პოლიციის მაიორის ბორის გულიაშვილის გაძარცვაში, ანუ ფიზიკური ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის გატაცებაში. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ბრძანებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ყვარლის შს რაიონული განყოფილების გამომძიებლის ლევან შარიაშვილის მიერ შედგენილი ოქმი, ფოტოსურათების ამოცნობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ  2006 წლის 14 სექტემბერს ქ. თელავში, თანამოწმეთა ხატია ხახუტაშვილის და დავით ქევხიშვილის თანდასწრებით, ბორის გულიაშვილს ამოსაცნობად წარუდგინეს ფოტოსურათები, რის შედეგადაც მან მერაბ ვარდიაშვილი, როგორც მძარცველი, ამოიცნო. თანამოწმეთაგან ხატია ხახუტაშვილი გამომძიებელ ლევან შარიაშვილის მეზობელია, დავით ქევხიშვილი კი, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს, შარიაშვილის თანაკლასელია და ამჟამად ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია. გარდა ამისა, იგი სტაჟირებას გადის გენერალურ პროკურატურაში და უახლოეს ხანში მისი კახეთის ოლქის პროკურორად დანიშვნას ვარაუდობენ.

გამომძიებლის მიერ აღნიშნული ოქმის შედგენისას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, დავით ქევხიშვილი ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის მზადების სასწავლო საწვრთნო შეკრებაზე ქ. ბორჯომში, ანუ გამომძიებელმა მსოფლიო ჩემპიონის ხელმოწერა გააყალბა, რაც ადვოკატ ბუთიაშვილის განცხადებით, მასთან საუბარში თავად ქევხიშვილმაც დაადასტურა.
გარდა ამისა, პროკურატურამ გამოძიების პროცესში უარი თქვა იმ მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძარცვის დროს დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა მერაბ ვარდიაშვილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. განსასჯელის მშობლები დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები