კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების საწინააღმდეგო ორგანიზაციები საქართველოს აკრიტიკებენ

26 ოქტომბერი, 2007

თბილისისგან  ხალხის წამების შეწყვეტას მოითხოვენ
(25 ოქტომბერი, 2007, თბილისი)

საერთაშორისო ორგანიზაციებმა: ,,საერთაშორისო ამნისტიამ”, „ჰუმან რაითს ვოჩმა“  და „ციხის საერთშორისო რეფორმამ“ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას  ქმედითი ზომების მიღება სჭირდება, რათა საპატიმროებში წამებასა და სასტიკ მოპყრობას ბოლო მოეღოს. წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ახლახანს გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ. მოხსენებაში აღინიშნა, რომ ბევრ ადგილას პატიმართა პირობები მიუღებელია.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT), რომელიც ევროსაბჭოს სამონიტორინგო ორგანოს წარმოადგენს ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეულწილად პროგრესია, რადგან წინასწარი დაკავების იზოლატორებში ხალხს შედარებით ჰუმანურად ეპყრობიან. რაც შეეხება საპატიმროებს, ამ მხრივ მდგომარება ჯერ კიდევ  უარყოფითად ფასდება. CPT-ს მონაცემებით, თბილისის №5 საპყრობილეს ერთ–ერთ საკანში პირობები არაადამიანური და დამამცირებელია.

სანამ მთავრობა გამოქვეყნების ნებას არ დართავს, მანამდე CPT–ის მოხსენება კონფიდენციალურია. თუმცა საქართველოს მთავრობა გამოქვეყნებაზე არასოდეს ამბობდა უარს.

„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ CPT-ის უკანასკნელი მოხსენების გამოქვეყნების ნება დაგვრთო“, – განაცხადა ნიკოლა დუკვორთმა, „საერთაშორისო ამნისტიის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური პროგრამის დირექტორმა. „აღნიშნული  მოხსენება წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აღმოფხვრის შესაძლებლობას აძლევს ყველას, ვინც ამ პრობლემითაა დაინტერესებული, იქნება ეს საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო თანამეგობრობა“.

CPT–მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოაგვაროს გადაჭედილ ციხეებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე იზრუნოს პატიმართა სოციალურ რეაბილიტაციასა და დასაქმებაზე.

CPT პერიოდულად ამოწმებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, საპყრობილეებს, პოლიციის სამმართველოებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებეს..., რათა ნახოს თუ როგორ ეპყრობიან დაკავებულებს და საჭიროების შემთხვევაში  მთავრობას რეკომენდაციები მისცეს. 2007 წლის მარტსა და აპრილში CPT უკვე მესამედ ესტუმრა საქართველოს.

CPT–ის მოხსენების გამოსვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2006 წლის მარტში მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ამბოხებას თბილისის №5 საპყრობილეში, რა დროსაც სამართალდამცავებმა შვიდი პატიმარი მოკლეს. სამართალდამცავებმა პატიმრების წინააღმდეგ გამოიყენეს როგორც ავტომატური იარაღი და ყუმბარები, ასევე რეზინის ტყვიები. მოწმეთა განცხადებით, მათ არც კი უცდიათ, კონტროლი მშვიდობიანი გზით დაემყარებინათ.  შედეგად, შვიდი პატიმარი დაიღუპა, 17 კი მძიმედ დაშავდა.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენებაში „გადამეტებული სასჯელი - პატიმართა შეურაცხყოფა საქართველოში“ (http://hrw.org/reports/2006/georgia0906/) მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები იმისა, რომ 27 მარტის ოპერაციის დროს ამბოხების ჩასახშობად სპეციალური საჯარისო ფორმირებები იყვნენ ჩართული, რომელთაც დაკავებულთა წინააღმდეგ ძალა უკანონოდ გამოიყენეს. სამი თვის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, გადააჭარბეს თუ არა ხელისუფლების წარმომადენლებმა თავიანთ უფლებამოსილებას. შვიდი პატიმრის მკვლელობის ფაქტის გამოძიება 2006 წლის ოქტომბერში გენერალურმა პროკურატურამ წამოიწყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს  მკვლელობის ან პიროვნების მძიმედ დაზიანების ყველა ფაქტი, თუ ამგვარი შემთხვევა საპყრობილეში დაფიქსირდება. თუმცა გენერალური პროკურატურის გამოძიება პატიმართა მკვლელობის ფაქტზე კვლავ გრძელდება და საჯაროდ ჯერ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ოფიციალური მონაცემებით, ბრალდება არც ერთი სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავისთვის არ წაუყენებიათ.

„27 მარტის მოვლენების გამოძიება ძალიან დიდხანს გრძელდება. დაზარალებულებს, მათი ოჯახის წევრებს და საზოგადოებას უფლება აქვთ იცოდნენ, რა მოხდა და ვინ არის პასუხისმგებელი პატიმართა მკვლელობისა და სასტიკად მოპყრობისათვის“, – განაცხადა „ჰუმან რაითს ვოჩ“–ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰოლი კარტნერმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ხალხის წამებასთან დაკავშირებული პრობლემების  მოგვარების მიზნით ახლახანს ახლი ინიციატივა წამოაყენა.

წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმით (OPCAT) გათვალისწინებული მოვალეობების შესაბამისად, 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პირებმა წამების საწინააღმდეგო გეგმა შეადგინეს. მოქმედი გეგმა კონკრეტული პოლიტიკის გატარებას და პრაქტიკულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„წამების საწინააღმდეგო გეგმა თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ იგი იმეორებს საქართველოს პირველი პირების იმ დაპირებებს, რომელთაც ისინი ადრე დებდნენ. ახლა ყოველთვიურად საპატიმროებს 400 კაცი ემატება.  რეალური ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები და ეს რიცხვი როგორმე შეემცირებინათ“, – განაცხადა „ფენალ რეფორმ ინთერნეშიონალი“–ს სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორმა მერი მერფიმ.

„საერთაშორისო ამნისტია“, „ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რათა მან ამ მოხსენებაში ჩაწერილი  რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რეკომენდაციები ძირითადად გადაჭედილ საპატიმროებს და სხვა გადაუდებელ ციხის რეფორმებს შეეხება. საკნების გადაჭედვის თავიდან აცილება შესაძლებელია იმ გზით, რომ წინასწარ პირის დაკავება განხორციელდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა ეს განსაკუთრებით აუცილებელი იქნება.

სამივე ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს, რომ წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ზომებსა და ვადებს წამების პრევენციის რეფორმის განსახორციელებლად. იმისათვის რომ ეფექტური იყოს, სამოქმედო გეგმას „ზურგს უნდა უმაგრებდეს“ უმაღლესი ხელისუფლების მხარდაჭერა.

სამივე ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ დაზარალებულებს, მათ ნათესავებს, პარლამენტს და საზოგადოებას 2006 წლის 27 მარტის ციხის ამბოხის გამოძიების ფაქტები.

„გამოძიების შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა მთავრობის ინტერესში შედის, რათა მან დაიმსახუროს ხალხის რწმენა“, – განაცხადა კარტნერმა.

ახალი ამბები