15:19, Wednesday, 12.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიკლინიკა წყლის გარეშე

08.11.2010

 მარიკა ვაჭარაძე, ხონი

პრეზიდენტის 678-ე განკარგულებით, რომელიც 2010 წლის 19 ივლისით თარიღდება, ხონის პოლიკლინიკა - შპს „ესკულაპე“ პირდაპირი მიყიდვით სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ გადაეცა. სადაზღვევო კომპანიის ინიციატივით, ამ შენობაში, ოცსაწოლიანი სტაციონარული მომსახურების სამედიცინო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. პირობაში ასევე მითითებულია, რომ საავადმყოფო ყველა ნორმისა და სალიცენზიო პირობის დაცვით ექსპლუატაციაში 2011 წლის დეკემბერში უნდა შევიდეს.

ირაკლი ბახტაძე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: „ჩვენ ამას მივესალმებით. რაიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროგრამაში ხონი არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ ხონს სამტრედიის ან ქუთაისის საავადმყოფო უნდა მომსახურებოდა. „ალდაგის“ ინიციატივით და პრეზიდენტის განკარგულებით, ხონს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ექნება“.

თუმცა, მანამდე სადაზღვევო ომპანია „ალდაგი“ ვალდებული იყო, „ესკულაპეში“ მომუშავე პერსონალისთვის სამუშაო პირობებისთვის შესაფერისი ფართი შეეთავაზებინა. ალტერნატიული ფართი  საავადმყოფოს - შპს „ჯანმრთელობის“ მეორე სართულზე გამოიძებნა, რომლის სარემონტო სამუშაოები „ალდაგმა“ სექტემბერში დაიწყო. ფართის შერჩევაში სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და „ალდაგის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სადაზღვევო კომპანიას 27 ოქტომბრამდე სამუშაო პირობების სრული დაკმაყოფილებით  შესაბამისი ფართი პოლიკლინიკის თანმშრომლებისთვის უნდა გადაეცა. პირობის დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა ყოველდღიური საურავის გადახდა 500 ლარის ოდენობით, პოლიკლინიკის სასარგებლოთ.

„ალდაგის“ კუთვნილი პოლიკლინიკის , შპს „ესკულაპეს“ სარემონტო სამუშაოები 25 ოქტომბერს დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ დემონტაჟი მიმდინარეობს. იქ მომუშავე პერსონალს საავადმყოფოს - შპს “ჯანმრთელობის“  მეორე სართულზე ჯერ კიდევ ნახევრადგარემონტებულ ოთახებში გადასვლა მოუხდათ.

დავით რუხაძე შპს „ესკულაპეს“ დირექტორი: „ეს ფართი საკმარისი არ არის, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვიმყოფინებთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. საავადმყოფოს ეს შენობა გარემონტებულია. თუმცა, ოთახები არ გვყოფნის, რის გამოც რამდენიმე ექიმს ერთ კაბინეტში უწევს პაციენტების მიღება. რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა „ალდაგის“ კლინიკა ჩვენი კონკურენტი, გეტყვით - თუ ის ამბულატორიულ მიღებებსაც დაიწყებს, მაშინ შეიძლება, კონკურენცია გაგვიწიოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, პროფესიონალიზმით და ხელმისაწვდომობით მომხმარებელი ჩვენს უპირატესობაში დავარწმუნოთ“.

აზა ხაჭაპურიძე ექიმი-სტომატოლოგი: „ამ ფართს როგორმე დავჯერდებით, რადგან ასეთი იყო ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენი პოლიკლინიკა ნებისმიერ ახალ სამედიცინო დაწესებულებას ხონში კონკურენციას გაუწევს. ერთადერთი, რასაც ვშიშობთ, არ ვიცით, ერთი წლის მერე რა ბედი გვეწევა. ანუ სადაც ახლა გადმოგვიყვანეს, ეს შენობა კიდევ ხომ არ გასხვისდება და ქუჩაში ხომ არ აღმოვჩნდებით?!“

ნაზი კერძევაძე ექიმი, ქირურგიული განყოფილების გამგე: „ჯანდაცვის სისტემის რეფორმას ბოლო აღარ უჩანს. გაიყიდა შპს „ესკულაპეს“ შენობა. „ესკულაპე“ კი საავადმყოფოს შენობაში გადმოვიდა. ერთი შეხედვით, აქ ცუდი არაფერია, მაგრამ ფართი არასაკმარისია. თანაც, ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობს და პარალელურად, ექიმები პაციენტებს ვიღებთ. ერთ კაბინეტში სამი ექიმი ზის, რაც ყოვლად დაუშვეელია, თუნდაც ეთიკური თვალსაზრისით“.

გულო ჩხენკელი, პოლიკლინიკის ექიმი: „ჯობდა, თუნდაც ერთი კვირა დაგვეცადა, დასრულებულიყო ეს რემონტი და მერე გადავსულიყავით. დღეს უკვე წყალი აღარ მოდიოდა, რადგან პოლიკლინიკას წლების მანძილზე დავალიანება მოყვება და დღეს გადაჭრეს. არ არის მოწესრიგებული სველი წერტილები, რის გარეშეც წარმოუდგენელია სამედიცინო დაწესებულების მუშაობა. ოთახებში კი ორი და სამი ექიმი ზის. ამიტომ ოთახები უნდა გადაიტიხროს, თორემ ასეთ ქაოსში მუშაობა წარმოუდგენელია“.

ოთახების არასაკმარის რაოდენობაზე ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს. „მას შემდეგ, რაც პოლიკლინიკა საავადმყოფოს მეორე სართულზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ოთახები არასაკმარისია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება „ალდაგის“ წარმომადგენლებთან, რომ კიდევ რამდენიმე ოთახი გაარემონტოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - ამბობს ირაკლი ბახტაძე.

რაც შეეხება პოლიკლინიკის, შპს ესკულაპეს  მომდევნო საქმიანობას, იგი იგივე პროგრამებით იმუშავებს, რასაც აქამდე ახორციელებდა. ანალოგიურად მუშაობას გააგრძელებს შპს „ჯანმრთელობა“, საავადმყოფოც, რომლის მეორე სართულზე ამჟამად პოლიკლინიკა განთავსდა. ხოლო მომავალი წლის დეკემბრიდან ხონელებს „ალდაგის“ ოც სტაციონალურ საწოლზე გათვლილი თანამედროვე საავადმყოფოც მოემსახურება.
 
რამდენად კონკურენტული იქნება შპს „ესკულაპე“ ახლადგახსნილი სამედიცინო დაწესებულებისთვის, ძნელი სათქმელია. ამ უკანასკნელს წლების მანძილზე დაგროვილი წყლის გადასახადი 3 000 ლარი დღემდე გადაუხდელი აქვს, რის გამოც დღეს პოლიკლინიკას წყალი არ მიეწოდება.

როგორც „ალდაგის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიონალი მედიკოსები დასაქმდებიან. მათ შორის შეიძლება ის ექიმებიც და ექთნებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც დღეს პოლიკლინიკაში და საავადმყოფოში არიან დასაქმებულები.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC