23:51, Saturday, 15.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო

02.02.2021

 
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა.

საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

შემდეგ წლებში, ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა (სამწუხაროდ - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტიც) ბოლომდე იცავდა 2012 წლამდე არსებითი დარღვევებით, დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებებით ჩატარებული გამოძიების პოზიციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის  მიმართ განაჩენის გადასინჯვის  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რითაც ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

საქმის ისტორია:
2011 წლის 26 მაისს დილით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24 მოქალაქე დააკავეს. დაკავებისას და შემდეგაც დაკავებულებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა განხორციელდა. დაკავების  მიზეზად დასახელდა შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. სპეცოპერაცია ფართოდ გაშუქდა ტელევიზიებით და გავრცელდა თითქოსდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღის ვიდეოკადრები. შსს-ს მაღალჩინოსნები სიუჟეტებში აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ამზადებდნენ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას.

შემაშფოთებელი იყო ე. წ. ყინწვისის საქმის შემდგომი განვითარება. კერძოდ, ყინწვისის სპეცოპერაციის შესახებ შსს-ს საიტზე – www.police.ge თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით და ბრალდებულებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. ცოტა ხანში ასეთი შინაარსის ინფორმაცია შსს-ს საიტიდან გაქრა, ხოლო პროკურატურა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. კერძოდ, სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინწვისში არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს. თავის დროზე, ამ გარემოებითაც დადგა 24 პირის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, საიდანაც ოჯახის წევრების მიმართ მუქარისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით 22 პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო 2 პირი სასამართლოზე არსებითი განხილვით გაასამართლეს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ლიდერის, ნიკოლოზ გოგუაძისა და სხვა ბრალდებულების დაკავების ვადის ათვლა დაწყებულია არა ყინწვისში დაკავების მომენტიდან, არამედ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანიდან. საქმის მასალების შესწავლისას იკვეთება ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ნიკოლოზ გოგუაძე და სხვა ბრალდებულები მართლაც ყინწვისში დააკავეს, ოღონდ სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა – ისე, რომ ადგილზე არც შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს – 27 მაისს თბილისში შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა ამ დროს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 ადამიანი ყინწვისიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდა „მოწმის სტატუსით“.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღის მთელი არსენალი ჰქონდათ და შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდნენ. სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით კი, 24 დაკავებულს შორის იარაღი მხოლოდ ერთს - ყოფილ პოლიციელ მიხეილ ცილიკაშვილს აღმოაჩნდა. იგი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი იყო და კანონმდებლობის თანახმად, ტაბელური იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. სასამართლო პროცესზე საქმეში სხვა არანაირი იარაღი არ ფიგურირებდა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე პასუხი ვერ გასცა კითხვას: თუკი ბრალდებულებს იარაღი არ ჰქონდათ, როგორ აპირებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას? დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხეულის მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით – ნიკოლოზ გოგუაძეს, რომელიც იყო ნაცემი და ნაწამები. ეს კარგად ჩანს იმ აღიარებით ვიდეოჩვენებაშიც, რომელიც ოპერატიულად გაავრცელეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა.

ნიკოლოზ გოგუაძეს 26 მაისის ღამის 12 საათიდან,  27 მაისის დილის 6:10 საათამდე კითხავდნენ. 6:12 წუთზე კი გამომძიებელმა იგი ბრალდებულის სტატუსით დააკავა. მანამდე იმავე გამომძიებელმა თვითონვე დააფიქსირა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახესა და სხეულზე, ასევე – მენჯის დაზიანება. სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი. პასუხად მიიღო, რომ დაკითხვის პროცესში მას დაზიანებები არ ეტყობოდა. არადა, დაკითხვამდე ოქმში თავად აქვს დაფიქსირებული ეს დაზიანებები.

შემაშფოთებელია, რომ გოგუაძის გარდა, სხეულის დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდათ სხვებსაც. საბოლოო ჯამში, გოგუაძისა და კეშელავას გარდა, ყველა დაკავებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, ამის მიუხედავად, ადვოკატების თქმით, განსაკუთრებული შეღავათი არც ერთს არ უგრძვნია - დამატებით სასჯელად პირობითი მსჯავრი ყველას შეეფარდა, ერთს - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, უმრავლესობას კი -  4, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2011 წლის 12 აგვისტოს ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. გოგუაძეს ორი ბრალდების – შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარების  საფუძველზე, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი – 8 წლით.

ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე 24-ვე პიროვნება 2013 წლის იანვრის თვეში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში ორ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. ერთი დეპარტამენტი იძიებდა დაკავებულების მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასთან დაკავშირებულ საქმეს, ხოლო ახალი დეპარტამენტი - უკანონო განაჩენის გადასინჯვაზე.

აღსანიშნავია რომ, 2020 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  საქმეზე:  „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ საქართველოს ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევა დაუდგინა, ვინაიდან მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.

მოცემულ საქმეში, ასევე, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც 2011 წლის ივნისში დაიწყო, თითქმის 8 წლის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება რამდენიმეწლიანი სრული უმოქმედობით ხასიათდებოდა. საქმეში ადამიანის უფლებათა არსებითი დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, აპლიკანტთა სასარგებლოდ 10000 ევროს გადახდა დააკისრა.  

2015 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა „ყინწვისის საქმის“ მონაწილე არც ერთ პირს არ ანიჭებდა დაზარალებულის სტატუსს. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს არც სასამართლოსთვის მიუმართავს, ყოფილი პოლიტპატიმრების მიმართ დამდგარი უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის მხარეს წარმოადგენდა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას თვეების განმავლობაში მხარს უჭერდა ძველ ბრალდებას და განმარტავდა, რომ ელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი თავისთავად მიანიშნებს ინტერესთა კონფლიქტზე, როდესაც ერთი მხრივ, ახალ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება ე. წ. ყინწვისის საქმის პოლიტპატიმრების განცხადების საფუძველზე და მეორე მხრივ, ახალი დეპარტამენტის პროკურორი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ძველ ბრალდებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც წარმოადგენს დაცვის მხარეს, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, წლების განმავლობაში, მოუწოდებდა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა არა მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მონაწილე 12 ყოფილი პოლიტპატიმრისთვის, არამედ ამ საქმის 24-ვე ფიგურანტისთვის, რადგან ყველას მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა თავდაპირველი სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს მოწოდება საქართველოს პროკურატურამ ნაწილობრივ მხოლოდ მას შემდეგ გაითვალისწინა, რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესის შემაჯამებელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარუდგინეს სასამართლოს და ცხადი გახდა, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, პროკურატურა ამ პროცესს წააგებდა. შესაბამისად, დაცვის მხარის ადვოკატის - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მიერ წარდგენილი დასკვნითი სიტყვის (2020 წ. ნოემბერი)  შემდგომ, პროკურატურამ ამ პროცესის მონაწილე 12 პირს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი და უარი თქვა სასამართლოში ძველი ბრალდების მხარდაჭერაზე.

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მხრიდან საქმის ფიგურანტი 12 ყოფილი პოლიტპატიმრისთვის ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაგვიანებული, მაგრამ მათი სამართლებრივი რეაბილიტაციისთვის სასარგებლო შედეგია.

სასამართლო პროცესის ბოლო სტადიაზე პროკურატურის პოზიციის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი საქმეზე გასამართლებულ სხვა 12 პირსაც. ასევე - დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება, რაც ერთი მხრივ, ნიშნავს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მეორე მხრივ კი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის მონაწილეთა გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC